მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა აღარ ჩატარდება

უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ბრიფინგი გამართა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რიგგარეშე სხდომა ვერ ჩატარდება იმის გამო, რომ მას არ ესწრება უმრავლესობა და შეუძლებელია სხდომის გახსნისთვის საჭირო დეპუტატების შეკრების რაოდენობა.

პარლამენტის სპიკერმა ოპოზიცია უკრაინის მოვლენების საკუთარი ინტერესების გამოყენებასა და ქაოსის შექმნაში დაადანაშაულა.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მიმართა პრეზიდენტს, დღეს, 25 თებერვალს, მათ მიერ წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით. ხაზს ვუსვამ, რომ საუბარია რიგგარეშე სხდომაზე და არა საგანგებო სხდომაზე, რომელიც, მხოლოდ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ იმართება.
პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღნიშნული სხდომის მოწვევის განკარგულებას, რაც, თავის მხრივ, განვმარტავ, რომ წარმოადგენს პრეზიდენტის ფორმალურ უფლებამოსილებას, ვინაიდან კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი არ შედის მოთხოვნილი სხდომის დღის წესრიგის პარლამენტის რეგლამენტთან შესაბამისობის თუ მისი მიზანშეწონილობის განხილვაში.
როგორც იცით, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინვე განაცხადა, რომ ის არ დაესწრება რიგგარეშე სხდომას ორი მიზეზის გამო:
1. რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის ორივე საკითხი ეწინააღმდეგება პარლამენტის რეგლამენტს. კერძოდ, პირველი საკითხი ითვალისწინებს პრემიერ-მინისტრის დაბარებას, რაც არა ამ ფორმით, არამედ თავად პარლამენტის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს, ხოლო მეორე საკითხი საერთოდ არ ჯდება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ რომელიმე ფორმატში;
2. ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციის ნაწილისგან ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ამ სხდომის გამართვის რეალური მიზანი არა საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვა და უკრაინელ ხალხთან სოლიდარობაა, არამედ უკრაინის საკითხის შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და პარლამენტის სხდომის საზოგადოებაში განხეთქილების და დაპირისპირების გამოწვევის სურვილია. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ რომ დღეს უნდა გამართულიყო პარლამენტის საგანგებო სხდომა
პრეზიდენტის მიერ დანიშნულ პარლამენტის საგანგებო სხდომას “ქართული ოცნების” დეპუტატები არ დაესწრებიან.
ამის შესახებ გუშინ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ისინი რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობას ვერ ხედავენ და პარლამენტი არ არის ორგანო, რომელსაც შეუძლია სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები მიიღოს.

რაც შეეხება ოპოზიციურ სპექტრს, ისინი დღეს საკანონმდებლო ორგანოში მისვლას აპირებენ და “ქართული ოცნების” დეპუტატებს სხდომაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ.

ბექა დავითულიანის, გურამ მაჭარაშვილის და სალომე სამადაშვილის ხმა

საქართველოს პარლამენტში შესვლაზე შეზღუდვები დააწესეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, “იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა”.

როგორც ისინი ამბობენ, “აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა”.

მსგავსი პოსტები

Back to top button