პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებში ოცნება ოპოზიციის პასუხისმგებლობას ხედავს
ხელისუფლება დაპირისპირების განსამუხტად არაფერს აკეთებს-ოპოზიცია

პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებში მმართველი გუნდი ოპოზიციის პასუხისმგებლობას ხედავს. ჩიტაძის ქუჩიდან საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელის ბლოკირების მცდელობას, პარტიის გენერალური მდივანი ხელისუფლების ოპონენტების მიზანს უკავშირებს.
საუბარს დესტაბილიზაციაზე სპეკულაციურს უწოდებს ოპოზიციის ნაწილი. პოლიტიკოსები, რომელთა ნაწილიც გუშინ ღამე ჩიტაძის ქუჩაზეც იმყოფებოდა ამბობენ, რომ მომიტინგეების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. ოპონენტები, პროტესტის დროს დაზიანებულ პარლამენტისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
საკანონმდებლო ორგანოს შენობის დაზიანების მცდელობა არ მოსწონთ გირჩში. პოლიტიკური ცენტრის ერთ-ერთი ლიდერის აზრით, პროტესტი ლეგიტიმურია, თუმცა მასში ოპოზიცია არასაკმარისად არის ჩართული, რაც ხშირად შეცდომების წინაპირობა ხდება.
ის რაც ოპოზიციის ნაწილისთვის მცირე გადაცდომა, ნაწილისთვის კი კონსტიტუციური უფლებაა – რევოლუციის გაცხადებული სურვილია საპარლამენტო უმრავლესობისთვის. დეპუტატები დღეს ამტკიცებდნენ, რომ მოვლენების უკან ოპოზიცია და მათი ლობისტები დგანან. ამ ფონზე სახელისუფლებო გუნდი კვლავ სუვერენიტეტის გამტკიცების აუცილებლობაზე საუბრობს.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე დაამტკიცა. სადავო კანონის გასაპროტესტებლად, აქციები პარლამენტის შენობასთან უკვე რამდენიმე დღეა იმართება.
“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, გუშინდელ აქციაზე პასუხისმგებლობა პოლიტიკურმა უმცირესობამ უნდა აიღოს.
მანვე აღნიშნა, რომ “შავი ფულით” ცდილობენ ქართული პოლიტიკის ფორმირებას, რაც დაუშვებელია.
“ჩვენ გუშინ ვნახეთ პოლიტიკური უმცირესობის კიდევ ერთი რადიკალური ქმედება საკუთარი სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს წინ. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს უმცირესობამ, მაგრამ პასუხისმგებლობის აღებას სჭირდება პასუხისმგებლობა, რომელიც მათ არ აქვთ. ისინი ამას ვერ აიღებენ და უფრო მეტიც – ყველამ იცის, რომ ისინი საკუთარ თავზე არ არიან დამოკიდებული. “შავი ფულით” ცდილობენ, გარედან შიგნით, ქართული პოლიტიკის ფორმირებას, რაც დაუშვებელია,”- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, გუშინ ყველამ ნათლად დაინახა “სახელმწიფო გადატრიალების უსუსური მცდელობა”.
ალუდა ღუდუშაურის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ცდება, თუ ფიქრობს, რომ ადამიანებს წააქეზებენ და ამით მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ.
“ეს ადამიანები არიან მიჩვეული მონურ ფსიქოლოგიას, როდესაც მიშა სააკაშვილი პანჩურებს ურტყამდა, დღესაც ამ ბედოვლათს მისტირიან, ეს ადამიანები ვერასდროს გათავისუფლდებიან. ამ ადამიანებისთვის თავისუფლებაზე, ეროვნულობაზე ლაპარაკი წარმოუდგენელია.
ხალხი გამოიყენეს ფარად. თუ ფიქრობენ, რომ გვერდიდან წააქეზებენ, როგორც ახლა იქცევიან უპასუხისმგებლოდ და მათ პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ მიმდინარე პროცესებზე, ძალიან შემცდარან,” – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.
ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, გუშინდელ აქციაზე რადიკალურმა ოპოზიციამ და პროტესტანტების ნაწილმა არაევროპულობის კარგი მაგალითი აჩვენეს.
“საზოგადოებამ იხილა, რეალურად, ვინ არის ძალადობის მომხრე, ვინ მოუწოდებს ძალადობისკენ, ვინ ანგრევს საქართველოს პარლამენტს და ვის სურს საქართველო დააშოროს ევროპას,” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, 1-ლი მაისის აქციაზე დემონსტრანტებისგან ელოდებოდნენ, რომ ისინი პარლამენტში შეიჭრებოდნენ, თუმცა, აქციის მონაწილეებს ეს არ გაუკეთებიათ.
ვაშაძე ამბობს, რომ პროტესტანტებმა სიმბოლური ბარიკადა ააგეს იმის საჩვენებლად, რომ პარლამენტი მათ უნდა ემსახურებოდეს.
“მშვიდობიანი პროტესტანტები ისე კოხტად და ლამაზად იქცეოდნენ და, სხვათა შორის, პარლამენტის შესასვლელთან. არავინ შიგნით არ შეჭრილა. ამას ელოდებოდნენ, როგორც ჩანს. მათ ისე ლამაზად, კოხტად ააწყვეს სიმბოლური ბარიერი, რომელმაც აჩვენა, რომ ხალხი ითხოვს, რომ პარლამენტი ემსახურებოდეს მათ და არა ივანიშვილს,”- აცხადებს გიორგი ვაშაძე.
“ევროოპტიმისტების” წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია არ იყო ძალადობრივი და განცხადებები ამასთან დაკავშირებით სიცრუეა.
დეკანოიძე ამბობს, რომ თავად იდგა დილამდე პარლამენტის წინა შესასვლელთან და არავის უცდია, არც შუშის ჩამტვრევა, არც შენობაში შესვლა და არც რაიმე სახის პროვოკაცია.
“რაც შეეხება ძალადობას – ეს არის სიცრუე. ეს პროპაგანდა არ მუშაობს, რადგან მე პირადად, დილამდე ვიყავი რუსთაველზე, მე ვიდექი პარლამენტის წინა შესასვლელთან. როცა ხელისუფლებამ, პოლიციამ მოხსნა პარლამენტის ყველანაირი დაცვა შენობის წინა ტერიტორიიდან, ადამიანები თვითონ ალაგებდნენ ბარიკადებს. მე ვიდექი შესასვლელთან და არავის უცდია არც შუშის ჩამტვრევა, არც შესვლა და არც რაიმე სახის პროვოკაცია. უფრო მეტსაც გეტყვით – როდესაც ვიდექით პარლამენტის წინა შესასვლელთან, სპეცრაზმი პროვოკაციისთვის, შიგნიდან გვესროდა ბოთლებს და გვასხამდა წყალს,”- აცხადებს ხატია დეკანოიძე.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბოტკოველი, გუშინდელი აქციის შეფასებისას, ამბობს, რომ ხელისუფლება დაპირისპირების განსამუხტად არაფერს აკეთებს. მისივე თქმით, კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვა აქციაზე, გამოხატავს გულწრფელ პროტესტს და სურვილს, რომ დასრულდეს ეს ხელისუფლება.
“მოდით, ჩვენ ვთქვათ – რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ ქვეყანაში განიმუხტოს სიტუაცია და არ იყოს დაპირისპირებული? – არაფერს. ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე, იმ გულწრფელი პროტესტით, რომელიც აქვს ქართველ ხალხსა და ქართველ ახალგაზრდობას, დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი დამარცხდება. ხელისუფლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ისიც მოვისმინეთ, რომ ლევან ხაბეიშვილი თვითონ დაესხა თურმე თავს პოლიციას. ამაზე მეტი ადამიანი მოვა და ამაზე მეტი ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ დასრულდეს ის ხელისუფლება, რომელიც რუსული მმართველობითაა დაკავებული,” – აცხადებს გიორგი ბოტკოველი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს აპროტესტებდნენ, 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის – სამართალდამცველები. აქციაზე დააკავეს 2 ადამიანი.
დაზიანებულია საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორია, ჩამსხვრეულია მინები. პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე მოქმედებს, შენობაში არ უშვებენ მედიას. პარლამენტის შენობა დაატოვებინეს თანამშრომლების ნაწილსაც. გადაიდო პლენარული სხდომა, რომელიც 12 საათისთვის იყო დაგეგმილი.