მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პარლამენტმა 2 კვირაში ახალი მთავრობა უნდა დაამტკიცოს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ასევე, მის მიერ დაკომპლექტებული სამთავრობო შემადგენლობა საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს დღეებში წარედგინება.

“დაწყებულია კონსულტაციები მინისტრობის კანდიდატებთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ეს არის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივა, რომ თავად ჩამოაყალიბოს სამთავრობო გუნდი. ამის შემდგომ, უახლოეს პერიოდში, წარედგინება პარლამენტს, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ასევე, მინისტრობის კანდიდატების სახეები. აქედან გამომდინარე, პარლამენტში უახლოეს პერიოდში ვიმსჯელებთ, როგრც საკომიტეტო, ისე ფრაქციის ფორმატში. უახლოეს დღეებში, პლენარულ სხდომაზე, ნდობას გამოვუცხადებთ ახალ მინისტრთა კაბინეტს,”- განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა.

კანდიდატურებს განიხილავენ როგორც საკომიტეტო, ასევე ფრაქციების ფორმატში, ნდობის გამოცხადება კი პლენარულ სხდომაზე მოხდება. მთავრობის დასამტკიცებლად საჭიროა 76 დეპუტატის ხმა.

თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს.

თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.

შეგახსენებთ,საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია 18 თებერვალს თანამდებობიდან გადადგა. როგორც მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით მან მმართველ გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია. გახარიას თქმით, ასეთი ღონისძიება მხოლოდ მაშინ უნდა ჩატარდეს, როდესაც ესკალაციის არანაირი რისკი არ იარსებებს.

პრემიერ მინისტრის პოსტზე „ქართულმა ოცნებამ“ ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. მოვალეობას ამჟამად პირველი ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ასრულებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button