პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა და ვეტო დაძლია. შედეგად საკითხი ჩავარდა, ოცნებამ კი კანონპროექტის თავდაპირველი რედაქციით უყარა კენჭი და მხარი დაუჭირა.
საუბარია საარჩევნო კოდექსში გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით შეტანილ ცვლილებებზე.
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი ერთმა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 28 დეპუტატი იყო. შესაბამისად, მოტივირებული შენიშვნები პარლამენტის მიერ გაზიარებული არ არის. ამის შემდეგ კი კენჭი ვეტოდადებულ საკანონმდებლო პაკეტს უყარეს, რომელსაც ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.
ცვლილებები მიღებულია თავდაპირველი რედაქციით.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებებით, პარტიულ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება 30-ით, 60-ის ნაცვლად. ცვლილება შედის ასევე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომლის თანახმადაც, უქმდება ის მექანიზმი, რომელიც პარტიებს დამატებით ფინანსურ წახალისებას სთავაზობს სიებში ქალი კანდიდატების შესაბამისი პროპორციით ჩაწერის გამო.
გენდერული კვოტირების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში “გირჩმა“ წარადგინა, რასაც სახელისუფლო უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
„გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა მედიას უთხრა, რომ ვეტოს დაძლევას მათი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ოთხივე წევრმა მისცა ხმა.
ამ გადაწყვეტილებით გაუქმდება „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლი, რომელიც პარტიებს საპარლამენტო არჩევნების სიაში დროებით, სულ მცირე ყოველ მეოთხედ, ქალის ჩაწერას ავალდებულებდა.
1 აპრილს ცნობილი გახდა „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩიასა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს შორის კომუნიკაციაზე. ისინი შეთანხმდნენ, რომ პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმების სანაცვლოდ, „გირჩი“ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მხარს დაუჭერდა „ქართული ოცნებისთვის“ მისაღებ კანდიდატურას.
„[შეთანხმება] პოლიტიკური ვაჭრობის შედეგია. ჩვენ პოლიტიკურ ვაჭრობასაც მივესალმებით, ოღონდ, სხვა ვაჭრობისგან განსხვავებით, ჩვენი ვაჭრობა ყოველთვის ხდება საჯაროდ. ჩვენმა მაყურებელმა კაი ხანია იცის, რომ ჩვენ ეს გავცვალეთ ცესკოს თავმჯდომარის მხარდაჭერაში. ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს ჩვენ ისედაც ვუჭერდით მხარს ისე, რომ საერთოდ არაფერში გაგვიცვლია. ახლა მოგვეცა საშუალება, რომ ის, რისთვისაც ვიბრძოდით საკონსტიტუციო სასამართლოში, გამოგვევაჭრებინა ‘ოცნებისგან’“, – თქვა 1 აპრილს იაგო ხვიჩიამ.
„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომელიც ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებდა, პარლამენტმა „გირჩის“ მოთხოვნით, დაჩქარებული წესით განიხილა და 4 აპრილს საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო. 18 აპრილს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო დაადო. 30 აპრილს პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია. საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, კალანდარიშვილის კანდიდატურას, შეთანხმების შესაბამისად, ხმა მისცეს „გირჩის“ წევრებმა.
პარლამენტმა გენდერული კვოტები 4 აპრილს გააუქმა.
საარჩევნო სიებში გენდერული კვოტები 2020 წელს მიიღეს, როგორც დროებითი ზომა. გასული წლის თებერვალში კი პარლამენტმა გენდერული კვოტების ვადა გაახანგრძლივა და მას 2032 წლის ჩათვლით უნდა ემოქმედა. ამასთან დაკონკრეტდა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრისა და შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიების ყოველ ოთხეულში ერთი მაინც უნდა იყოს ქალი (და არა განსხვავებული სქესის). ხოლო საქართველოს პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის კი – ქალი პარტიული სიის ყოველ სამეულში უნდა იყოს.
შეგახსენებთ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები წარადგინა.
სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ ევროპული პერსპექტივის მინიჭებისას, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი გენდერული თანასწორობა იყო. ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯების, მათ შორის, გენდერული კვოტირების 2032 წლამდე გახანგრძლივების გათვალისწინებით, ეს რეკომენდაცია შესრულებულად ჩაითვალა. მისი განცხადებით, სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმების თაობაზე კანონის მიღება ევროინტეგრაციის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯია.
ცნობისთვის, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, პოლიტიკურ პარტიებს აღარ ექნებათ ვალდებულება, საარჩევნო სია გენდერული კვოტირების მიხედვით დააკომპლექტონ. გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ “გირჩის” ინიციატივას მხარი უმრავლესობამ დაუჭირა. კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა.