პარლამენტმა ომბუდსმენის წარდგენისა და არჩევის ახალ წესზე ცვლილება დაამტკიცა

დღეს, 9 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა ომბუდსმენის წარდგენისა და არჩევის ახალ წესზე რეგლამენტში შესატანი ცვლილება დაამტკიცა, 83 ხმით არცერთის წინააღმდეგ. პროექტს მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა, მათ შორის პარტია “გირჩმა” და “ევროპელმა სოციალისტებმა” დაუჭირა მხარი.
ხოლო სახალხო დამცველის კანდიდატის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილებებს მხარი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ლელომ“ მესამე მოსმენის რეჟიმში არ დაუჭირეს. ოპოზიციური პარტიები საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად ასახელებენ იმას, რომ კანონპროექტში მათი შენიშვნების გათვალისწინება არ მოხდა.
ამასთან, ოპოზიციიდან კანონპროექტს მხარი დაუჭირეს: ავთანდილ ენუქიძემ, ლევან იოსელიანმა, შალვა კერესელიძემ, ბექა ლილუაშვილმა, ჰერმან საბომ, თამარ კორძაიამ.
2022 წლის ბოლოს პარლამენტს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით წარედგინება.
ცვლილებით, რეგლამენტს ემატება გარდამავალი დებულება [2283-ე მუხლი], რითაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნება “შეფასების 9-კაციანი ჯგუფი”, რომელიც ომბუდსმენის კანდიდატებს შეაფასებს.− სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. შეფასების სამუშაო ჯგუფის შექმნამდე, პარლამენტის თავმჯდომარე სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებთან – საპარლამენტო ფრაქციებთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს გამართავს.
რეგლამენტით, შეფასების სამუშაო ჯგუფის მიზანი სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირთა შეფასებაა. შეფასების სამუშაო ჯგუფი მხოლოდ იმ პირს არ შეაფასებს, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის ან რომელიც სახალხო დამცველის თანამდებობაზე უკვე იყო.
შეფასების სამუშაო ჯგუფი სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირებს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით შეაფასებს – კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების ქონა.
პარლამენტი სახალხო დამცველობის კანდიდატების განხილვას დაიწყებს, თუ დასახელებული კანდიდატების რაოდენობა შვიდზე ნაკლები არ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურები თავიდან დაიწყება.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, მის შემადგენლობაში იქნებიან სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის პროფესიული, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, თუმცა კონკრეტულად ვინ და რომელი ორგანიზაციები შევლენ, “კონსულტაციების საგანია”.
პროექტში ჩაიწერა, რომ ეს ჯგუფი კანდიდატებს კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობისა და მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების კრიტერიუმებით შეაფასებს.
“ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ მმართველი პარტია არ წარადგენს საკუთარ კანდიდატურას, გარდა ერთი შემთხვევისა, თუკი ამ პროცესს ოპოზიცია გაემიჯნება.
სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესი გააკრიტიკა მოქმედმა ომბუდსმენმა. მისი განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებით, სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების დარეგულირება გათვალისწინებულია ერთპიროვნულად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, ბრძანების ფორმით, რაც გამორიცხავს გამჭვირვალობისა და ჩართულობის მაღალ ხარისხს.
“კანონპროექტის წინამდებარე ვერსიის მხარდაჭერის შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარეს ასევე მიეცემა შესაძლებლობა კანონისაგან განსხვავებულად განსაზღვროს კანდიდატის წარმდგენი სუბიექტების წრე, რაც შეკითხვებს წარმოშობს როგორც კანონის უზენაესობის, ისე საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით. უმჯობესია მნიშვნელოვანი პროცედურული საკითხები და გარანტიები სწორედ კანონით იქნას მოწესრიგებული, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შედარებით მცირე მნიშვნელობის პროცედურული დეტალები განისაზღვროს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
31 აგვისტოს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს. მამუკა მდინარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები “პირს შეკრავენ” და კანდიდატს არ წარადგნენ, ქართული ოცნება პროცესში ჩაერთვება და საკუთარ კანდიდატს დაასახელებს.
მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ეწურება.