მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე, რომლებიც ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურას ეხება, პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს 22-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო თავდაპირველად მიღებულ ვერსიას 78 მომხრე და 14 მოწინააღმდეგე ჰყავდა.
სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო 26 ივნისს დაადო. წინა რედაქციით, „დამოუკიდებელი და ზეპარტიული თანამდებობის პირი, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს კონკურსს და ქმნის [ცესკოს წევრების] კანდიდატთა შესარჩევ კომისიას”. შერჩეულ კანდიდატებს კი პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენდა.

ცვლილებების შემდეგ, კომისიის შექმნა, კანდიდატთა შერჩევა და წარდგენა პარლამენტის თავმჯდომარეს შეეძლება, არჩევა კი პარლამენტის უბრალო უმრავლესობით იქნება შესაძლებელი. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ნათქვამი იყო, რომ ეს “ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავს”.

ამას გარდა, ცვლილების შემდეგ, 100 ხმის ნაცვლად, ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს 76 ხმით აირჩევენ, რაც პრეზიდენტის აზრით, “აუქმებს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას და ზრდის პოლარიზაციის რისკს”.

“ვეტო სწორედ ამ კონსენსუსის შენარჩუნების მიზანს ემსახურება”, – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

პრეზიდენტმა პარლამენტს შესთავაზა, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები აირჩიონ არანაკლებ 90 ხმით, როგორც ეს სახალხო დამცველის შემთხვევაში მოხდა.

ცესკოს საკითხზე მომზადებული კანონპროექტი უარყოფითად შეაფასეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. მათი განცხადებით, „ქართული ოცნების” კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის წესის ცვლილებაზე, უფრო მეტად შეამცირებს საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობას, გაზრდის მასზე მმართველი პარტიის გავლენას და “უკიდურესად დააკნინებს” პრეზიდენტის როლს კანდიდატების შერჩევის პროცესში.

ISFED-ში აცხადებდნენ, რომ ინიციატივა სრულად ეწინააღმდეგება 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას, ვენეციის კომისიის/ეუთო-ოდირის რეკომენდაციებს და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი 12 პირობიდან ერთ-ერთს.

გასული წლის 5 აგვისტოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა.

კანდიდატთა შორის იყო ცესკოს მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილიც, თუმცა ის პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე არ წარადგინა.

2022 წლის დეკემბრის ბოლოს პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩია, პრეზიდენტის წარდგენილმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საკმარისი ხმების რაოდენობა. საქართველოს კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება გიორგი კალანდარიშვილმა განაგრძო.

ქართული ოცნების ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს პრეზიდენტი ვეღარ შეარჩევს – მის ნაცვლად, კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. კანონპროექტის ინიციატორები არიან მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი.

ამასთან, იცვლება ცესკოს წევრების არჩევის წესიც – კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ ცესკოს 7 წევრს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ კანონით დადგენილი წესით.

მსგავსი პოსტები

Back to top button