მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტმა თავდაცვის კოდექსი მიიღო

რამდენიმე დღიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტმა, მეორე მოსმენით, “თავდაცვის კოდექსის“ პროექტი მიიღო.

მუხლობრივი განხილვის შემდეგ, “თავდაცვის კოდექსის“ პროექტს 79 ხმით დაუჭირეს მხარი. 6-მა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა. საკანონმდებლო პაკეტი 46 კანონპროექტისგან შედგება.

პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ წარადგინა, რომლის შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები უმნიშვნელოვანეს რეფორმას წარმოადგენს, არსებითად ცვლის და თავდაცვის მიზნებზე სრულად მორგებულს ხდის სამხედრო სამსახურს, შემოაქვს სამხედროებისათვის სოციალური დაცვის უმნიშვნელოვანესი გარანტიები და ქმნის თავდაცვის ორგანიზებისა და ნატოსთან თავსებადობის ეფექტიან სამართლებრივ საფუძვლებს.

“თავდაცვის კოდექსი“ რამდენიმე წელია მუშავდება. კოდექსი ჩვენი უწყებისთვის შვილივით გახდა. მის შემუშავებაში უდიდესი შრომაა ჩადებული – ეს ის არ არის, რომ კანონი უბრალოდ დაიწერა. ვინც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას გულშემატკივრობს მაქსიმალურად იყო ჩართული“, – განაცხადა გიორგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, განხილვის დასრულებისას.
დოკუმენტით ახლებურად ყალიბდება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, რომლის თანახმადაც წვევამდელებს სავალდებულო 6,8 და 11-თვიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. მათი გადამზადება თავდაცვის სამინისტროში მოხდება.
12 აპრილს წამყვანმა კომიტეტმა კანონპროექტში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველი მოსაკრებლის გადახდა აღარ იქნება.

გარდა ამისა, დოკუმენტში წერია, რომ აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება “არაკეთილსინდისიერი ფიქტიური “რელიგიური ორგანიზაციების” შესაძლებლობა” დაეხმარონ ცალკეულ პირებს თავი აარიდონ გაწვევას.
პარლამენტი “თავდაცვის კოდექსის“ პროექტს საშემოდგომო სესიაზე დაუბრუნდება. მას სექტემბერში მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.

ახალი კანონპროექტი მმართველმა პარტიამ პარლამენტში 2022 წლის დეკემბერში დააინიცირა. ინიციატივამ უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში. კანონის საწინააღმდეგოდ საპროტესტო აქციებიც იმართებოდა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აუცილებელია „თავდაცვის კოდექსის“ მიღება, რათა მეტად გაძლიერდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა.
„რეალურად, ერთადერთი მიზეზი, რატომაც შფოთავს ოპოზიცია, არის, რომ მათ დაკარგეს შემოსავლის წყარო. კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, ორმა პარტიამ დაკარგა შემოსავლის წყარო, ისინი ქრთამს იღებდნენ იმაში, რომ ადამიანები თავს არიდებდნენ სამხედრო გაწვევას, ეს არასწორია. სასურველი იყო, აუცილებელი იყო სისტემის მოწესრიგება როგორც გაწვევის ნაწილში, ისე, ზოგადად, თავდაცვის სფეროში და ამას ემსახურება ეს თავდაცვის კოდექსი, რომელიც არის წარმოდგენილი. მიმდინარეობს განხილვა საკმაოდ ინტენსიურად, ყველას აქვს შეკითხვების დასმის საშუალება, პასუხების მიღების საშუალება და დაველოდოთ, როგორ დასრულდება ეს პროცესი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას, – „ჩანაწერში ჩნდება წოდებები და აიღებენ თუ არა ამ ჩინებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები?“ – კობახიძე პასუხობს: „მე ამ საქმის ექსპერტი არ ვარ, დაისმება კითხვები, მოვისმენთ პასუხებს და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას კონკრეტულ კანონთან დაკავშირებით. გავეცნობით საერთაშორისო პრაქტიკას, კითხვებზე პასუხებსაც მოვისმენთ და ამის მიხედვით გადავწყვეტთ“.

„თავდაცვის კოდექსს“ საფუძვლად დაედო არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრის საჭიროება და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევები. ამ კოდექსის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსული ოკუპაციის ქვეშ მყოფი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის შეფასებისას, რომელიც პარლამენტმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა.
კომიტეტის თავმჯდომარემ კოდექსის პროექტზე საუბრისას ის მიმართულებები და სიახლეები გამოყო, რომელიც დოკუმენტის მიხედვით შემოდის.
„ეს არის თავდაცვაში საკანონმდებლო დონეზე ისეთი მიდგომების გამყარება, როგორებიცაა ტოტალური თავდაცვა, ეროვნული მედეგობის გაძლიერება, წინააღმდეგობის გაწევა და ამოცანებით მართვა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის. ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად, კიდევ უფრო მკაფიოდ იმიჯნება ფუნქციები სამინისტროს სისტემაში თავდაცვის ძალებსა და სამოქალაქო ოფისს შორის. ასევე, შემოდის თავდაცვის ძალების სამხედრო მართვის დონეები და მთლიანად ხდება სამხედრო სამსახურის გადააზრება, რაც ახლებურად აყალიბებს როგორც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს, ასევე რეზერვისა და მობილიზაციის ახალ სისტემას. თვისობრივად უმჯობესდება სამხედრო მოსამსახურეების სოციალური გარანტიები და უპრეცედენტო საბინაო პოლიტიკა საკანონმდებლო დონეზე მყარდება. ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად, იხვეწება წოდების მინიჭების ვადები და საფუძვლები“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
მისივე შეფასებით, ქვეყნისთვის კოდექსს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები ექნება და საქართველოს ნატო-სთან თავსებადი, გამართული და ჯანსაღი საკანონმდებლო ბაზა ექნება, რასაც პრაქტიკული საქმიანობაც დაეფუძნება.
„კიდევ უფრო გაიზრდება თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ხარისხი. თავდაცვაში უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების მეტი ჩართულობა და საქართველოს მეტი ბრძოლისუნარიანი მოქალაქე ეყოლება. ბევრი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა ელოდება კოდექსის მიღებას, რათა მათ კიდევ უფრო გაეხსნათ ხელ-ფეხი საქართველოს მხარდაჭერის გასაძლიერებლად. კოდექსში ახლებურად განისაზღვრება სავალდებულო გაწვევის სახეები და დღეს არსებული ერთი ბერკეტის ნაცვლად, სამხედრო სამსახურის გავლის რვა სხვადასხვა ფორმის შესაძლებლობა შემოვა“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ადამიანები, რომლებიც ჯარისთვის თავის არიდებაში აკეთებენ ფულს და ახალგაზრდებს არწმუნებენ, რომ ჯარში არ უნდა წავიდნენ, ფული უნდა გადაიხადონ მათთან და ისინი რაღაც შავ ხვრელს მოძებნიან, თავს აარიდებინებენ ჯარს, სახელმწიფოს და საკუთარი სამშობლოს – საქართველოს მსახურებას, ამაში დამარწმუნებელი ადამიანები ჯარის, “თავდაცვის კოდექსზე” და კანონზე გველაპარაკებოდნენ და ამაში სამწუხაროდ მხარს უჭერდა ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ დროის გაწელვის პიონერები, ახლა აქ არ არიან ახლა, რადგან მათ არ აინტერესებთ “თავდაცვის კოდექსთან” დაკავშირებით უმრავლესობის მიერ გამოთქმული მოსაზრებები. დარწმუნდნენ რა, რომ დრო ვეღარ გაიწელებოდა, დატოვეს სხდომათა დარბაზი.
მისივე თქმით, დროის გაწელვის ინტერესს ჰქონდა საკუთარი მიზეზი, საფუძველი და საბაბი – ეს იყო ფულის კეთება.
“ქართული ჯარი და ქართველი ჯარისკაცი რომ ჩვენი სახელმწიფოს სიამაყეა, ამას ალბათ ყველა ეთანხმება, როგორი პოლიტიკური შეხედულებისაც არ უნდა იყოს. ამის წინააღმდეგ ბრძოლა არავის გაუვა და ეს სიამაყე საქმემ უნდა განამტკიცოს, საქმემ, რომელიც ჩვენს ჯართან დაკავშირებულ კანონმდებლობაშიც უნდა აისახოს. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ დროის გაწელვის და მეტის არაფრის პიონერები, ახლა აქ არ არიან ახლა, რადგან მათ რეალურად არ აინტერესებთ “თავდაცვის კოდექსთან” დაკავშირებით უმრავლესობის მიერ გამოთქმული მოსაზრებები. მათ აინტერესებდათ დროის გაწელვა და დარწმუნდნენ რა, რომ დრო ვეღარ გაიწელებოდა, დატოვეს სხდომათა დარბაზი. ეს ყველაფერზე მეტყველებს. ამ დროის გაწელვის ინტერესს ჰქონდა საკუთარი მიზეზი, საფუძველი და საბაბი – ეს იყო ფულის კეთება. ადამიანები, რომლებიც ჯარისთვის თავის არიდებაში აკეთებენ ფულს და ახალგაზრდებს არწმუნებენ, რომ ჯარში არ უნდა წავიდნენ, ფული უნდა გადაიხადონ მათთან და ისინი რაღაც შავ ხვრელს მოძებნიან და მოძებნეს კიდევაც სამწუხაროდ წლების განმავლობაში და თავს აარიდებინებენ ჯარს და სახელმწიფოს და საკუთარი სამშობლოს – საქართველოს მსახურებას, ამაში დამარწმუნებელი ადამიანები ჯარის და თავდაცვის კოდექსზე და კანონზე გველაპარაკებოდნენ და ამაში სამწუხაროდ მხარს უჭერდა ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, „თავდაცვის კოდექსის“ კანონპროექტი ეროვნულ ინტერესებსა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება.
კითხვაზე, თუ რას უპასუხებს ის აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებულ კრიტიკას, გიორგაძე პასუხობს, რომ ეს „დისკრედიტაციის მცდელობა უფროა, ვიდრე ჯანსაღი კრიტიკა“.
„ამას უფრო დეზინფორმაციას და დისკრედიტაციის მცდელობას დავარქმევდი, ვიდრე ჯანსაღ კრიტიკას. გასაგებიც იყო, ვიწრო პოლიტიკური ინტერესი არსებობდა, მაგრამ ეროვნული ინტერესები უფრო მაღლა დგას და, რა თქმა უნდა, ვიწრო პოლიტიკური ინტერესები ეროვნულ ინტერესებს ვერ გადასძალავს…
დიდი მადლობა საქართველოს პარლამენტს, უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო აქტის მეორე მოსმენით მხარდაჭერისათვის, რომელიც ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის, იმ სამართლებრივი ჩარჩოს შექმნისათვის აუცილებელია, რაც რეფორმების წარმატებით განხორციელებას, ასევე, ნატო-სთან თავსებადობის გაზრდას და რაც მთავარია, ჩვენი სამხედროებისათვის სოციალური გარანტიების გაზრდას და დაწესებას განაპირობებს. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რა თქმა უნდა, წინ მესამე მოსმენა დაგვრჩა, მაგრამ არსებითია მეორე მოსმენით გახილვა, ჩვენ გვქონდა საშუალება, საზოგადოებისთვის ინფორმაცია მიგვეცა, თუ რასთან არის „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი დაკავშირებული და ასევე, სამწუხაროდ, „თავდაცვის კოდექსის“ პროექტის დისკრედიტაციის მცდელობები გვქონდა, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ ეს მცდელობა მცდელობად დარჩა და ჩვენ აუცილებლად გვექნება კანონი, რომელიც ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას უზრუნველყოფს. ჩართულობა ძალიან მაღალი იყო, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტების, ჩვენი ნატო-ელი პარტნიორების, აშშ-ს სპეციალური იურიდიული ჯგუფის, არასამთავრობო სექტორის და პრაქტიკულად, ფართო კონსენსუსის საფუძველზე შემუშავდა ეს პროექტი“, – განაცხადა გიორგაძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრის, ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „თავდაცვის კოდექსი“ დისკრიმინაციულია.

დეკანოიძის განცხადებით, არსებობს საშიშროება, რომ ხელისუფლებამ 2024 წლის არჩევნებზე „თავდაცვის კოდექსი“ ახალგაზრდების წინააღმდეგ გამოიყენოს .

„თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გრიგოლ გიორგაძეს, საპარლამენტო ტრიბუნიდან ვუთხარი, რომ არ მჯერა „ქართული ოცნების“ პირობებში მათ აინტერესებთ ძლიერი შეიარაღებული ძალები, ძლიერი თავდაცვის ძალები, ვინაიდან, ეს არის ხელისუფლება, რომელიც 11 წლის განმავლობაში საკუთარ სახელმწიფოს ადანაშაულებდა ომის დაწყებაში და ეს არის ხელისუფლება, რომელსაც არ გამოუხატავს გულისხმიერება და სოლიდარობა უკრაინის მიმართ.

გარდა ამისა „თავდაცვის კოდექსში“ არის თავები, რომელთა წინააღმდეგი ვარ, ეს არის ალტერნატიული სამსახური, რომელიც შეიძლება გადაიქცეს კორუფციის ერთ-ერთ ნიშნულად. კანონი ყველას არ მიესადაგება, არის დისკრიმინაციული და გარდა ამისა არსებობს საშიშროება, რომ არჩევნებზე შესაძლებელია ახალგაზრდების წინააღმდეგ იყოს გამოყენებული“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტმა, მეორე მოსმენით, “თავდაცვის კოდექსის“ პროექტი მიიღო.

მუხლობრივი განხილვის შემდეგ, “თავდაცვის კოდექსის“ პროექტს 79 ხმით დაუჭირეს მხარი. 6-მა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა. საკანონმდებლო პაკეტი 46 კანონპროექტისგან შედგება.

მსგავსი პოსტები

Back to top button