პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები მესამე კენჭისყრაზეც ვერ აირჩია
საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვერც მესამე კენჭისყრის შედეგად აირჩია.
კენჭისყრა 3/5-იანი კვორუმით ჩატარდა, თუმცა კანდიდატებმა ვერც ხმათა ამ რაოდენობის მოგროვება შეძლეს.
26 ივლისის სესიაზე კენჭისყრის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატები:
გიორგი კალანდარიშვილი – 81 მომხრე, 7 წინააღმდეგი
გიორგი სანტურიანი – 3 მომხრე, 8 წინააღმდეგი
ცესკოს წევრობის კანდიდატები:
გია ცაცაშვილი – 77 მომხრე, 7 წინააღმდეგი;
ლელა ტალიური – 17 მომხრე, 0წინააღმდეგი;
თამარ სართანია – 14 მომხრე, 5 წინააღმდეგი;
მაია ზარიძე – 78 მომხრე, 5 წინააღმდეგი.
კანონის თანახმად, ცესკოს ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართება და არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. ამ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადად 6 თვე განისაზღვრება.
იმ შემთხვევაში, თუ ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების არჩევა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით მოხდებოდა, მათი უფლებამოსილების ვადა 5 წელი იქნებოდა.
ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებობა 30 ივნისს დატოვა. ეს თანამდებობა სწორედ ამ დღიდან გახდა ვაკანტური.
კომისიის თავმჯდომარეობის სურვილი სულ 11-მა პირმა გამოთქვა.