პარლამენტს დღეიდან ახალი თავმჯდომარე ჰყავს
საპარლამენტო უმრავლესობამ 88 ხმით ერთის წინააღმდეგ, შალვა პაპუაშვილი აირჩია.
შალვა პაპუაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის რიგით მესამე სპიკერი იქნება.
“პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარეობა არის დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და გუნდის წინაშე.
პაპუაშვილი პარლამენტში, კოლეგების წინაშე, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის რანგში წარსდგა და დეპუტატებს სიტყვით მიმართა.
“პარლამენტი არის ის ინსტიტუცია, რომელშიც ყველაზე მეტად არის გამოხატული ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს ძალა. ამიტომ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიდგები საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად “ქართული ოცნების” გუნდის წევრობისა, ის იქნება ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართულობის და თანამონაწილეობის გარანტი. რადგან, მიუხედავად დაპირისპირებისა, მათ აქვთ ოპოზიციასთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება, რაც უკავშირდება წარმატებულ საარჩევნო რეფორმას.
მან ასევე გუნდის სახელით განაცხადა, რომ მათი მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია.
“ჩვენი მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს ამბიციური ამოცანა 2024 წელს წარადგინოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მან განმარტა, პარლამენტს მომდევნო სამი წლის განმავლობაში მოუწევს, რეფორმებით დატვირთული დღის წესრიგით მუშაობა, რადგან მათ უნდა შეასრულონ გარდამტეხი როლი ქვეყნის საკანონმდებლო ცხოვრებაში.
პაპუაშვილის პარლამენტის თავმჯდომარედ დანიშვნას ეხმაურებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც
თქვენ ხართ მატყუარა. არასანდო ადამიანს და პოლიტიკურ მატყუარას პარლამენტის თავმჯდომარედ მხარეს ვერ დავუჭერთ, – ამ სიტყვებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატ შალვა პაპუაშვილს მიმართა.
სამადაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტის ისტორიას არ ახსოვს, ერთი წლის მანძილზე თავმჯდომარე სამჯერ აერჩიოს.
მან შალვა პაპუაშვილს შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადებები შეახსენა და დასძინა, რომ „ასეთი დაკნინებული პარლამენტი 30 წელია არ უნახავს“.
ბატონო შალვა, რას აპირებთ გააკეთოთ იმისთვის, რომ სუს-მა ვერ მოახერხოს გადაიბიროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ის თანამშრომლები, რომლებიც ქალბატონ თოლორაიასთან ერთად ახლა ამ მტკიცე პოზიციაზე დგანან, – ამ შეკითხვით მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს, შალვა პაპუაშვილს.
არმაზ ახვლედიანი დაინტერესდა, თუ რა ბედი ელის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
„რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, როცა აჭარის ტელევიზიას იჯიბავდა „ოცნება“, მაშინ მოახერხეს და სათითაოდ დაერივნენ იქ თანამშრომლებს, ისევე, როგორც სხვა უწყებებში.
გეკითხებით თქვენ, როგორც რამდენიმე წუთში პარლამენტის თავმჯდომარეს, რას აპირებთ ამის გასაკეთებლად? თუ ამას გააკეთებთ, მაშინ თქვენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იქნებით, ყველა სხვა შემთხვევაში კი იქნებით პარტიის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტში და მეტი არაფერი. უბრალოდ, იმ ზღვარზე და იმ ვითარებაში ვართ, როცა „დავარცხნილი“ საუბარი არ გამოდის. ჩემი და თქვენი სიმართლე კი არ გვინდა აქ, საქართველოს სიმართლე გვინდა. მისი სიმართლე დღეს იმას მოითხოვს, რომ გადავდოთ პარტიული ინტერესი, როცა ის სახელმწიფო ინტერესს ეწინააღმდეგება. სხვა ინტერესი არ უნდა გვქონდეს, რად გვინდა ასეთი ან პარლამენტის წევრობა ან პარლამენტის თავმჯდომარეობა?!“ – მიმართა ახვლედიანმა პაპუაშვილს.
ჩვენ მხარს დავუჭერთ შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას პარლამენტის სპიკერად. ეს არის ავანსად გაცემული კეთილგანწყობა შალვას მიმართ“,- ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც იოსელიანი განმარტავს, საარჩევნო რეფორმის დროს შალვა პაპუაშვილისგან თანამშრომლობის და კონსტრუქციული ურთიერთობის შესაძლებლობა დაინახა.
თქვენ ხართ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ყველაზე ხისტი განცხადებებით გამოირჩევით, როგორც ოპოზიციის მიმართ, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების კრიტიკული განცხადებების მიმართ, – ამ სიტყვებით, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს შალვა პაპუაშვილს მიმართა.
სამნიძემ პაპუაშვილს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გეგმებზეც ჰკითხა.
“თავისი განათლებით, გამოცდილებით, პროფესიონალიზმით, პიროვნული თვისებებით, შალვა პაპუაშვილი დაამშვენებდა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტს. ამაში ალბათ, ჩემი კოლეგები ერთსულოვნად დამეთანხმებიან. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია განათლება, პროფესიონალიზმი, მაგრამ ესეც არაფერს ნიშნავს სათანადო პიროვნული თვისებების გარეშე. აქ ცალკე უნდა ითქვას, რომ გარდა პროფესიონალიზმისა, შალვა არის უაღრესად წესიერი სამართლიანი, პრინციპული ადამიანი. ეს ის თვისებებია, რაც სჭირდება პარლამენტის თავმჯდომარეს და რის გამოც, ჩვენმა გუნდმა არჩევანი შეაჩერა შალვა პაპუაშვილზე.”
თქვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.
“ჩემო შალვა, ჩემო ძვირფასო ადამიანო, განათლებული, ჭკვიანო, დახვეწილო, მართალო, წრფელო და მოაზროვნე, მოფიქრალო ხვალინდელ დღეზე, გისურვებ წარმატებულ სვლას. შენთან ერთად არის 147 დეპუტატი. შენთვის ერთი და მეორე მხარე არ არსებობს დარწმუნებული ვარ საქმის პროფესიულად გადაწყვეტის გზაზე და იგულე თითოეული აქ მყოფი და განსაკუთრებით ეს მხცოვანი კაცი შენ ერთგულ მსახურ ჯარისკაცად გადასაწყვეტ საკითხთა მიღების და ბჭობის დროს”.ამ სიტყვებით მიულოცა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლადო კახაძემ შალვა პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა.