მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პარლამენტში რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესების ინიციატივას კამათი მოჰყვა

პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესების ინიციატივას, დეპუტატებს შორის კამათი მოჰყვა.

როგორც რომან გოცირიძემ განაცხადა, სახელისუფლებო გუნდი უარს ამბობს ოპოზიციის ინიციატივებზე და სავიზო რეჟიმის გამკაცრებასთან დაკავშირებული პროექტის განხილვა ისევ გადაიდო.

საკუთარ წინადადებებზე სხვა დეპუტატებმაც ისაუბრეს. თავდაცვის კოდექსისთვის ვეტოს დადებას ითხოვს გირჩი. ბიუროს სხდომაზე განცხადება იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

ამასთან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციონერ დეპუტატებს კანონპროექტების წარმოდგენის კონსტიტუციურ უფლებას ართმევს.

მათიკაშვილმა ინიციირებული პროექტების განხილვის გადავადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ კანონპროექტის განხილვაზე უარს არ აცხადებენ, მას სჭირდება სათანადო შეფასება, დამუშავება და ისე იქნება წარდგენილი.

“ნაციონალური მოძრაობა” რომ ჭკუას გარიგებს და დემოკრატიულ პროცესებს გასწავლის, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. კარგად გვახსოვს, დილას მიღებულ კანონს საღამოს როგორ ცვლიდნენ საკუთარი მოსაზრებებით, სურვილებით და როგორ ირგებდნენ ტანზე ყველას და ყველაფერს, რაც მაშინ იყო. რაც შეეხება გადავადების არგუმენტებს, ეს არის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის მომართვა, რომელიც ჩვენი კომიტეტისადმი გახლავთ და ამ მომართვას და არგუმენტაციას, ცხადია, დავეთანხმეთ. ორ საკითხზეა აქ საუბარი, ერთია, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა თანდართული პაკეტებით. როგორც მოგეხსენებათ, 12 პუნქტიანი გეგმის შემადგენელ ნაწილში, მათ შორის ამაზე იყო საუბარი და შეიქმნა კიდეც ასეთი სააგენტო, თუმცა მიუხედავად ამისა, კანონპროექტის განხილვაზე, ცხადია, უარს არ ვაცხადებთ და სჭირდება მას სათანადო შეფასება, დამუშავება და ისე იქნება ამ პერიოდში წარდგენილი. 6 თვიანი ვადა არის მაქსიმალური ვადა. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ აუცილებლად 6 თვის თავზე იქნება კანონპროექტის განხილვა. მეორე, ეს არის საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ასევე ძალიან კომპლექსური საკითხია და ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით, ასევე თავდაცვის კომიტეტთან ერთად და თავდაცვის კომიტეტის ინიციატივით არის შესაბამისი ვადა მოთხოვნილი საკითხის დამუშავებისთვის. ამიტომაც, ორივე თემა არის არგუმენტირებული და კიდევ ერთხელ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” საკუთარ თვალებში ჩაიხედოს. სასაცილოა, სატირალი არ იყოს, როცა “ნაციონალური მოძრაობა” ასეთ წესებს გვასწავლის და დემოკრატიულ პროცესებში მითითებებს გვაძლევს,”-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button