პარლამენტთან ღირსების აქცია დაანონსდა

“თუ სახელმწიფო არ იცავს ქვეყანას მკვლელი ოკუპანტებისგან ჩვენ დავიცავთ მინიმუმ ამ დარბაზს,”- ეს მიმართვა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან გააკეთა. “ევროპულ საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა აქვთ დაკავებული და ამბობენ, რომ დარბაზში რუს დეპუტატებს არ შეუშვებენ. მათ ალყაში აქვთ მოქცეული პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი, საიდანაც ცოტა ხნის წინ სერგეი გავრილოვი ასამბლეის წევრებს მიმართავდა.
ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ მართმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეის სხდომა იქამდე არ გაგრძელდება ვიდრე რუსი დეპუტატები სხდომათა დარბაზს და საქართველოს არ დატოვებენ.
ასამბლეის დამსწრე ევროპელ დეპუტატებს ქართველმა დეპუტატებმა მიმართეს და განუმარტეს ოპოზიციის დემარშის მიზეზი.
“ვითხოვთ, მანდატი შეუჩერდეს ზაქარია ქუცნაშვილს” – ეს განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ გააკეთა. ბოკუჩავამ უმრავლესობის წევრები, რუსი დეპუტატების ასამბლეაში მონაწილეობის გამო გააკრიტიკა და აღნიშნული საკითხის ორგანიზატორად მოიხსენია. ენმ-ს წევრმა ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც მოითხოვა.
ადა მარშანია კი ცდილობს, სერგეი გავრილოვისთვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამი გაათავისუფლოს. პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი, სადაც სერგეი გავრილოვი ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოდიოდა “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ალყაში აქვთ მოქცეული. ადა მარშანია ელენე ხოშტარიას და თინა ბოკუჩავას ძალის გამოყენებით ჩამოყვანას ცდილობს, რათა ადგილი გავრილოვს გააუთავისუფლოს. “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ოპოზიციას სამარცხვინო უწოდა.