მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა

საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე დაგეგმილია სიტყვით გამოსვლები.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ოცნების მიერ ხელმეორედ ინიციირებული რუსული კანონის უკან გაწვევაა. ამ დროისთვის უკვე გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.
აქციაზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის შეზღუდულია.
აქციის მონაწილეებს ადგილზე კანონპროექტის წინააღმდეგ სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი.
პარლამენტთან აქცია – „არა რუსულ კანონს“ „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის პარალელურად, დილიდან მიმდიანრეობდა.
დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში – ახალ ვერსიაში “უცხოური გავლენის აგენტი” შეცვლილია “უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით”.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.

“კი ევროპას! არა რუსულ კანონს”, – ამ ლოზუნგით ბათუმში ევროპის მოედანზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.
მათი განცხადებით, დღეს ახალგაზრდების მომავალი წყდება და არ დაუშვებენ ევროპული განათლებისა და ჯანდაცვის სერვისების მიღების შესაძლებლობის დაკარგვას.
აქციის მონაწილეები, ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპრეოქტების გაწვევა მოხდეს.
“ვინც რუსულ საქმეს აკეთებს, საქართველოს მტერია. არა რუსულ კანონს, არა რუსეთს, საქართველოს ევროპულ მომავალს გაუმარჯოს. უნდა ვიბრძოლოთ, რათა ჩვენი წინაპრები ევროპისთვის მუდამ იბრძოდნენ. ეს აქცია არ იქნება ბოლო გაგრძელდება აუცილებლად”,- აღნიშნავენ შეკრებილი მოქალაქეები.

კი ევროპას, არა რუსულ კანონს! – რუსული კანონის გასაპროტესტებლად მოქალაქეები, არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ზუგდიდშიც შეიკრიბნენ.
მათ თან აქვთ ბანერები წარწერებით: “ბნელეთი გამჭვირვალობას გვიწუნებს”, “მე იმ კაცის დედა მოვ**ან, ვინც პირველად რუსი აქო”.
ისინი რუსული კანონის შემომტან ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ თუ კანონს დროულად არ გაიწვევენ, რუსთაველის გამზირზე პერმანენტულ აქციებში რეგონებიდანაც ჩაერთვებიან. ამბობენ, რომ თბილისში საკუთარი სახსრებით ჩავლენ და ხელისუფლებას გადადგომას აიძულებენ.
მათივე თქმით, აღნიშნულმა კანონმა რუსეთში დიქტატურა დაამყარა და იქ მონობის საფუძველია და საქართველოშიც ამ კანონის მიზანი საბჭოთა კავშირის დაბრუნებაა.
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობა სკეიტპარკიდან დაიწყო – ისინი სამხარეო ადმინისტრაციის გავლით მერიასთან შეჩერდებიან, პროტესტს დააფიქსირებენ და შემდეგ კი მეგობარ კლუბთან პერფორმანსს გამართავენ და მოქალაქეებს გაერთიანებისა და ერთიანობისკენ კიდევ ერთხელ ხმამაღლა მოუწოდებენ.

მე ვდგავარ აქ, როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქე და ქვეყნის პატრიოტი – ამბობს “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია, რომელიც რუსთაველის გამზირზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას შეუერთდა. მისი თქმით, “ოცნებას” არ გამოუვა ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ხელის შეშლა:
“მე ვიზიარებ იმ ადამიანების პოზიციას, ვინც მიმაჩნია ჩემი სამშობლოს პატრიოტად, ვინც მიყვარს და ვის გამოც მე ეს ქვეყანა მიყვარს. ამიტომ, მე მგონია, რომ ყველა უნდა ვიდგეთ აქ და ქართულ ოცნებას არ უნდა გამოუვიდეს ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მიტაცება და მოტაცება. ევროპის მოტაცება არ გამოვა. არ გამოვიდა 1 წლის წინ, არ გამოვა ახლა და არ გამოვა არასდროს. მე ვდგავარ აქ, როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქე და ქვეყნის პატრიოტი.
ჯიუტი თხების ამბავი ხომ გახსოვთ? ერთმანეთს რომ შეეჯახნენ და წყალში გადავარდნენ. ეგრე მოუვა ქართულ ოცნებასაც. სიჯიუტე ყოველთვის კარგი კი არაა. ” ამბობს ნიკა გვარამია.
რუსთაველის გამზირზე – არა რუსულ კანონს – საპროტესტო აქცია ცოტა ხნის წინ დაიწყო.

ძალიან გაბრაზებული ვარ იმაზე, რომ ვუყურებ, როგორ ყიდიან საქართველოს რუსეთზე – დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ამ კანონს ვერ მიიღებს, რადგან ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს , – ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელმა, ნინო ლომჯარიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ განაცხადა.
როგორც მან განაცხადა, მსგავსი გადამწყვეტი მომენტი საქართველოს უახლოეს წარსულში არ ჰქონია და შესაძლოა, არც მომავალში დადგეს.
„ეს დღე და მოცემულობა, ვიტყოდი, რომ საქართველოს დღევანდელობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. უახლოეს წარსულში ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი არ გვქონია და ასეთი გადამწყვეტი მომენტი, შეიძლება, არც ახლო მომავალში არ დადგეს. რეალურად, დღეს პარლამენტში ისეთ კანონპროექტს ეყრება კენჭი, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალზე ამბობს უარს, არა ევროკავშირს და კი რუსეთს. დღეს თითოეული მოქალაქის მოვალეობაა, იდგეს იქ, სადაც ეს გასაპროტესტებელია. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ამ კანონს ვერ მიიღებს, რადგან ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს.
ძალიან გაბრაზებული ვარ იმაზე, რომ ვუყურებ, როგორ ყიდიან საქართველოს რუსეთზე. ეს წარმოუდგენელი მასშტაბის ღალატი და იმედგაცრუებაა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა დღეს დაიწყო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button