მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოსთან სხვადასხვა ლოკაციიდან მსვლელობით მივიდა. მათ შორის პარლამენტთან შეკრებილების “9 აპრილის ბაღიდან” მსვლელობით უკვე შეუერთდნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები; ასევე საკანონმდებლო ორგანომდე “მზიურის პარკიდან” და “ექსპო ჯორჯიას” მიმდებარე ტერიტორიიდან მარშს აწყობენ სტუდენტები.

აქციის მონაწილე მედიკოსებს ხელში უჭირავთ ბანერები წარწერებით: “არ ვართ პარტია. ჩვენი მოთხოვნა ევროპული მომავალია”; “ქვეყნის მომავალი/ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელშია”.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ. პარლამენტთან შეკრებილები სკანდირებენ: “საქართველო”; “არა რუსულ კანონს”.

პარლამენტთან მობილიზებულია პოლიცია.

სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებს აგრძელებენ ბათუმშიც – ისინი ამ წუთებში ბსუ-ს შენობასთან არიან შეკრებილები უცვლელი მოთხოვნით – არა რუსულ კანონს! არა რუსულ რეჟიმს! კი ევროპას!

საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, საქართველოს ჰიმნის ფონზე ახალგაზრდები ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

ცნობისთვის, სტუდენტების ნაწილი გაფიცულია და მოთხოვნის შესრულებამდე სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button