რეგიონი

პარტია “დროას” ზუგდიდის ოფისიდან ბანერი ისევ გამოფინეს

“დროას“ მორიგი ბანერის ჩამოხსნა-ადგილზე მერიის ზედამხედველობის სამსახური და პოლიცია იყო მობილიზებული

პარტია “დროას” ზუგდიდის ოფისიდან ბანერი ისევ გამოფინეს.

“დროას” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მარიამ სიჭინავამ განაცხადა, რომ 28 თებერვალს გამოფენილ ბანერზე “უწმაწური სიტყვების” მიზეზით მის წინააღმდეგ საქმე წვრილმანი ხულიგნობით აღძრეს, ამიტომ ამჯერად ტექსტი შებრუნებულად დაწერა.

“გადავწყვიტე რომ იგივე ბანერზე სიტყვები უბრალოდ შემომებრუნებინა, რათა ქალაქის ტერიტორიაზე სიმშვიდე არ დამერღვია და არავის წაეკითხა უწმაწური სიტყვები”, – თქვა მარიამ სიჭინავამ.

ადგილზე ამჯერადაც იმყოფებოდნენ სამართალდამცავები, თუმცა 28 თებერვლის აქციისგან განსხვავებით, ბანერი თავად არ ჩამოუხსნიათ და ფაქტის შესახებ მერიის ზედამხედველობის სამასახურს შეატყობინეს.

მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ზედამხედველობის სამსახური განიხილავს ამ საკითხს და გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

“გარე რეკლამის, ბანერების განთავსებას არეგულირებს ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ითვალისწინებს ნებართვის გაცემას. თუ არ არსებობს ნებართვა მაშინ ის უკანონოდაა განთავსებული”, – განმარტეს მერიაში

თავის მხრივ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ამწე კალათით სცადეს საპროტესტო ბანერის ჩამოხსნა, თუმცა მათ აქციის ორგანიზატორებმა დაასწრეს.

მიუხედავად ამისა, მარიამ სიჭინავა ვარაუდობს, რომ მერია დააჯარიმებს, თუმცა თანხის გადახდას არ აპირებს.

28 თებერვალს “დროას” ოფისიდან გამოფენილი საპროტესტო ბანერი პოლიციამ ჩამოხსნა. მარიამ სიჭინავა მაშინ აცხადებდა, რომ ამისთვის ადგილზე 30-მდე სამართალდამცავი იყო მისული.

მსგავსი პოსტები

Back to top button