პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი და ეკონომიკის მინისტრად დანიშნული 35 წლის მარიამ ქვრივიშვილი მილიონერია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას მარიამ ქვრივიშვილი დაიკავებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ლევან დავითაშვილი ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლისა და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს.
„ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, მოგეხსნებათ, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ეკონომიკის განვითარებაზეა არსებითად დამოკიდებული არამხოლოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, ასევე თითოეული დარგის განვითარება, საქართველოს დემოკრატიული სისტემის განმტკიცება და ასევე, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებაც. ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკის დაგეგმვისა და აღსრულების სისტემის დასახვეწად მივიღეთ გადაწყვეტილება ეკონომიკური საბჭოს გაძლიერების შესახებ. ამ მიზნით, გადაიხდება ეკონომიკური საბჭოს ფუნქციები, ასევე შემადგენლობა. ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს ლევან დავითაშვილი.
როგორც მოგეხსნებათ, სამინისტროს მართვა ყოველდღიურ მძიმე რუტინასთან არის დაკავშირებული. ამ რუტინისგან გათავისუფლება ლევანს მისცემს საშუალებას, კიდევ უფრო დიდი წარმატებით უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შემდგომი დაჩქარება, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა და სხვა შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. როგორც მოგეხსენებათ, ლევან დავითაშვილი არის განსაკუთრებული, გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე ეკონომისტი და ვფიქრობ, რომ ამ პოზიციიდან ის საუკეთესოდ შეძლებს ამ მისიის შესრულებას. ის ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებას, ინვესტიციების მოზიდვას. წარმატებები მინდა ვუსურვო ამ ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციაზე”, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი და ეკონომიკის მინისტრად დანიშნული მარიამ ქვრივიშვილი მილიონერია. 35 წლის პოლიტიკოსი ბოლო წლები ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, თუმცა მისი მთავარი შემოსავალი კერძო სექტორიდან მიღებული თანხაა.
საკუთარი და ქმრის, ოთარ ბერიკაშვილის შემოსავლებისა და ხარჯების, ასევე ქონების შესახებ მარიამ ქვრივიშვილი წერს 2025 წლის 30 აპრილს შევსებულ დეკლარაციაში, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ოჯახი უძრავ ქონებას მხოლოდ დედაქალაქში ფლობს. მათ ეკუთვნით: სამი ბინა, მიწის ნაკვეთი და არასაცხოვრებელი ფართი.
მარიამ ქვრივიშვილს ძვირადღირებული სამკაულები აქვს. მათ შორის არის 12 000 დოლარად ნაყიდი Rolex-ის ფირმის საათი. ასევე, ამავე ბრენდის 10 000 დოლარიანი მეორე საათიც (ნაჩუქარი). 2017 წელს მან შეიძინა ჯამში 10 500 დოლარის ღირებულების Cartier-ის ბრენდის სამაჯური და ბეჭედი. გარდა ამისა, მასვე ეკუთვნის 2018 წელს 60 000 დოლარად ნაყიდი ავტომობილი BMW X6.
დეკლარაციის შევსების მომენტისთვის „ქართული ოცნების“ მთავრობის ეკონომიკის ახალ მინისტრს საბანკო ანგარიშზე ჰქონდა 309 000 ამერიკული დოლარი და 120 000 ლარზე მეტი.
2024 წელს მარიამ ქვრივიშვილმა 300 000 ლარზე მეტი მიიღო ორი კომპანიიდან.
ეკონომიკის მინისტრი მაღალანაზღაურებად სამსახურში მუშაობს – მხოლოდ 2024 წელს შპს „აჭარა ჯგუფში“ (რომელიც ფლობს რამდენიმე სასტუმროს, მათ შორის „სტამბას“, „რუმსს“) მმართველ დირექტორად მუშაობით 385 ათას ლარზე მეტი მიიღო.
კომპანიებიდან და სამსახურებიდან მიღებული ანაზღაურების გარდა, მარიამ ქვრივიშვილი შემოსავალს იღებდა უძრავი ქონების გაქირავებით (11 975 დოლარი).
ოჯახის შემოსავლებზე წარმოდგენას ქმნის მოგზაურობასა (38 000 ლარი) და ტანსაცმელსა და სხვა ნივთებზე (20 000 ლარი) დახარჯული თანხები.
რაც შეეხება ამ დრომდე მოქმედ მინისტრ ლევან დავითაშვილს, ის ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს.
მარიამ ქვრივიშვილს დღემდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
“ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ამ კაბინეტის წევრი და ეკონომიკის მინისტრის პოზიციიდან ვემსახურო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას და მის ზრდას”, – ეს განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ის გამოცდილება, რომელიც ამ სფეროში დააგროვა, დაეხმარება ახალი გეგმების დასახვასა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის გაგრძელებაში.
“ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ამ კაბინეტის წევრი და ეკონომიკის მინისტრის პოზიციიდან ვემსახურო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას და მის ზრდას. მთელი ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობისას განვლილი 7 წლის განმავლობაში დავაგროვე, ვფიქრობ, დამეხმარება იმაში, რომ გუნდთან ერთად წარმატებით დავასრულოთ ყველა ის მიმდინარე პროექტი და წამოწყება, ასევე დავსახოთ ახალი გეგმები და განვაგრძოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა,” – აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.
ცნობისთვის, ლევან დავითაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას 2022 წლის 9 თებერვლიდან იკავებდა. იქამდე დავითაშვილს სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა ეკავა.
მარიამ ქვრივიშვილი არის მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, 2019-2020 წლებში იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, 2021 წლის 24 მაისიდან კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
შეგახსენებთ, ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა და ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლის, აგრეთვე ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტს დაიკავებს. ლევან დავითაშვილს ეკონომიკის მინისტრის პოსტი 2022 წლის 9 თებერვლიდან ეკავა, 2021 წლის 12 ივლისიდან კი იყო საქართველოს ვიცე-პრემიერიც.