მნიშვნელოვანისიახლეები

პარტიების დაფინანსების საკითხს ოცნებამ მხარი დაუჭირა

“ქართული ოცნების” ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარტიების დაფინანსების საკითხს უკავშირდება დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

ცვლილებები შედის “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონსა და საარჩევნო კოდექსში.

ინიციატორების განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველო გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ რეკომენდაციას “დეოლიგარქიზაციის შესახებ”, სადაც მითითებულია იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაძლებლობის აკრძალვა.

კანონპროექტის თანახმად, პარტიები ვეღარ დაფინანსდებიან იურიდიული პირების მიერ, შემცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა. კანონპროექტით საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-დან 0.04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი.

ინიციატორების მიერ მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. მათი განმარტებით, რადგან 2024 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია, მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხი გადაწყდეს პარლამენტის საშემოდგომო სესიის დასრულებამდე, რათა წარმოდგენილი ცვლილებები ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.

განხილვას ოპოზიციიდან მხოლოდ ერთი დეპუტატი ესწრებოდა. მომხსენებელმა დავით მათიკაშვილმა კოლეგებს უმრავლესობის ინიციატივით მომზადებული ცვლილებები გააცნო. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილმა განმარტა, რომ სიახლე დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე შემუშავდა.

“ამ საკითხის შემადგენელი ნაწილი, ჯერ კიდევ 12-პუნქტიან გეგმასთან მიმართებით იყო დეოლიგარქიზაციის გადაწყვეტილება, პუნქტი, რომელიც იყო თვითონ ჩვენი ევროპელი კოლეგების მიერ შემოთავაზებული. “ვენეციის კომისიის” დასკვნა პირდაპირ მიუთითებს, რომ ამ მიზნით იურიდიულ პირებს უნდა აეკრძალოთ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. მთავრობის მიერ გამოცხადებული სტრატეგიიდან გამომდინარე ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას იქნეს ამოღებული შესაძლებლობა იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსების. იქნება კარგი, მართებული და პოზიტიური, თუკი ასეთ ცვლილებებს როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიცია დაუჭერს მხარს,”- განაცხადა მათიკაშვილმა.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიების დაფინანსების წესში დაგეგმილი ცვლილებები პოლიტიკურად სენსიტიური თემა არ არის, ოპოზიცია კი ხელოვნურად ცდილობს აჟიოტაჟის შექმნას. მისივე თქმით, ეს იყო “ვენეციის კომისიის” მოთხოვნა, სხვა მხრივ კი მმართველ პარტიას არავითარი ინტერესი არ აქვს.

“ჩვენ არავითარი პოლიტიკური ინტერესი ამ მიმართულებით არ გვქონდა. დღესაც, იურიდიული პირების წილი პარტიების დაფინანსებაში არის სადღაც 3-4%. ეს არ არის პოლიტიკურად სენსიტიური საკითხი, თუმცა აქაც ახერხებს ოპოზიცია სპეკულირებას. ეს არის “ვენეციის კომისიის” მოთხოვნა, რომელსაც უბრალოდ ვასრულებთ, ეს არის და ეს. შესაბამისად, ამ საკითხის გარშემო პოლიტიკური აჟიოტაჟის შექმნა არის აბსოლუტურად ხელოვნური მოვლენა,”- განაცხადა ირაკლი კობახიძე.

პარტია “ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით ოპოზიცია ძნელად აღსაზრდელი ბავშვის მსგავსად იქცევა.

“გარდა იმისა, რომ ზარმაცები არიან ოპოზიციაში, ძნელად აღსაზრდელი ბავშვებივით იქცევიან, რაც უნდა მიუტან მერე გადაიფიქრებს და სხვა რამეს მოიფიქრებს. დეოლიგარქიზაციის პროცესის შემადგენელი ნაწილია ეს ცვლილება რასაც ჰქვია, რომ იურიდიულმა პირებმა არ დააფინანსონ პარტიები, ესეც კარგად იცოდნენ ოპოზიციონერებმა და ამაზე თვითონ საუბრობდნენ, მაგრამ ახლა რომ მიხვდნენ, ჩვენ ევროპელებთან შევთანხმდით და ისინი ამას გვითვლიან როგორც ევროპულ ნაბიჯს ახლა ძნელად აღსაზრდელი ბავშვივით გაჯიუტდნენ და მოითხოვეს სხვა რამე, ამას მხარს არ დავუჭერთო”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა

საპარლამენტო ოპოზიცია პოლიტიკური დაფინანსების წესის ცვლილებას არ ეთანხმება. “გირჩის” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ პარტიების დაფინანსების საკითხი მთავრობის მხრიდან არ უნდა კონტროლდებოდეს.

“ცხადია, ასეთი მოთხოვნები იყო და სთხოვდნენ “ქართულ ოცნებას”, რომ პარტიების დაფინანსება უნდა კონტროლდებოდეს. ეს მოთხოვნები არა მარტო შიდაპოლიტიკურ ამბავში იყო, არამედ გარეთაც გავიდა. ევროპელებმაც კი დაუჭირეს მხარი, ისეთი ერთსულოვნება იყო ოპოზიციაში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მათ შორის, ჩვენი. მგონი, ახლა უკვე ყველა ხვდება, რამდენად აბსურდულია ეს შეზღუდვები და, იმედია, არა მარტო ამ კონკრეტულ შეზღუდვაზე იქნება საუბარი, არამედ დაიწყება დისკუსია, რომ პარტიების დაფინანსება არ უნდა კონტროლდებოდეს მთავრობის მხრიდან,”- აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

“ევროოპტიმისტების” თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, რომ, ამ ცვლილებებით, არსებითად, არაფერი იცვლება და ამიტომ, ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერენ.

“არსებითად არაფერი იცვლება არც ოპოზიციისათვის და არც “ქართული ოცნებისათვის”, ამიტომ ამ გადაწყვეტილებას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ იმ მოსაზრებით, რომ ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში რატომ არ უნდა იყოს იურიდიული პირები, რა თქმა უნდა, შეზღუდული ჭერით, ისევე, როგორც ფიზიკური პირები, პოლიტიკური პარტიების დამფინანსებლები. რაც შეეხება “ვენეციის კომისიის” რეკომენდაციას – კი ბატონო, “ქართულ ოცნებას” აქვს საკმარისი ხმები, შეასრულოს ეს რეკომენდაცია და, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის მოთხოვნების რაღაც ნაწილი იქნება შესრულებული,” – აცხადებს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ პარტიების დაფინანსების წესის შეცვლაზე ცვლილებებს კანონმდებლები დაჩქარებული წესით განიხილეს. სიახლის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ, იურიდიულ პირებს კი პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა აეკრძალებათ.

ცვლილებების წინააღმდეგია ოპოზიცია. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ სიახლე დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე შემუშავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button