პარტიების რეიტინგი და საზოგადოების განწყობა
NDI-ის გამოკითხულთა უმეტესობამ არ იცის, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდა ხმას. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, კატეგორია “არ ვიცი” აირჩია გამოკითხულთა 27%-მა, ამის შემდეგ მოდის კოალიცია “ქართული ოცნება 24%-ით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 16%.
პასუხზე უარი განაცხადა 12%-მა, არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას 6%, რესპონდენტთა 5% მხარს დაუჭერდა “თავისუფალ დემოკრატებს”, 4% – “პატრიორტთა ალიანსს”, 3% – კი “ლეიბორისტულ პარტიას”. რაც შეეხება დანარჩენ 3%-ს – ის მოდის კატეგორიაზე “სხვა”.
NDI-ს გამოკითხვის მიხედვით გამოკითხულთა 87 პროცენტის მოწონებას პატრიარქი ილია II იმსახურებს. 52 პროცენტს მოსწონს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. 51 პროცენტს კი – თავდაცვის ყოფილი მინისტრი და “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია. 45 პროცენტს მოსწონს პარლამენტის თავმჯდომარე და რესპუბლიკელების ლიდერი დავით უსუფაშვილი. 44 პროცენტის მოწონებას იმსახურებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძე. პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 40-მა პროცენტმა დაასახელა.
გამოკითხულთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად. NDI-ს კითხვას ეთანხმებიან თუ არა, რომ ივანიშვილი კვლავ გადაწყვეტილების მიმღები პირია ხელისუფლებაში, 59 პროცენტი დაეთანხმა. მათგან 28 პროცენტმა განაცხადა, რომ სრულად ეთანხმება.
მოსაზრებას, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი აღარ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი, რაც თანამდებობიდან გადადგა, მხოლოდ 14 პროცენტი დაეთანხმა. არცერთ მოსაზრებას არ დაეთანხმა 4 პროცენტი. 21-მა პროცენტმა კი განაცხადა, რომ არ იცის.
NDI-ს გამოკითხვებით მოქალაქეთა 19 პროცენტი კარგად აფასებს საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას. 54 პროცენტი კი – საშუალოდ.
გამოკითხულთა 18-18 პროცენტი კარგად აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის და საპარლამენტო უმცირესობის ნაციონალური მოძრაობის ლიდერის დავით ბაქრაძის საქმიანობას. უსუფაშვილის საქმიანობას საშუალოდ აფასებს გამოკითხულთა 51 პროცენტი, დავით ბაქრაძის საქმიანობას კი – 39 პროცენტი. საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას კარგად 16 პროცენტი აფასებს, 52 პროცენტი კი – საშუალოდ.
NDI-მ საქართველოს მასშტაბით 4360 ადამიანი გამოკითხა.