პარტიებისთვის ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებაზე ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა
კანონპროექტის განხილვას რომლის მიხედვითაც თუ პარტია მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, ხმაური და აზრთა სხვადასხვაობა მოყვა პარლამენტში.
„აბსოლუტურად არაადეკვატური წინადადებით შემოდიხართ, რომელიც რაღაც თავდაპირველი საბოტაჟის პრევენციის მიზანს არ ემსახურება. ბოიკოტიც შეიძლება ერთწლიანიც გამოაცხადო და ესეც საბოტაჟად შეიძლება ჩათვალო მაშინ. მოხსენით ეს სასაცილო კანონი დღის წესრიგიდან. თქვენ ახსენეთ, ნაციონალური მოძრაობა შემოვიდა და ამათზე არ გავრცელდებაო. ჩვენ დაფინანსების შეწყვეტის შიშით დავბრუნდით უკან? ეს იყო ბერკეტი იმისა, რომ ჩვენ თქვენი გაგებით საბოტაჟს ვუცხადებდით და ახლა თქვენივე გაგებით დავბრუნდით? თურმე თაფლაკვერისა და მათრახის მეთოდი გამოიყენეთ… კარგით რა, არასერიოზულია, დაამთავრეთ, გააჩერეთ ამ კანონის მიღება.“-განაცხადა ენმ-ს წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ
“გირჩი” ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წინააღმდეგ გამოდის.
“ჩემი კოლეგების ემოცია მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად დამოკიდებული არიან საბიუჯეტო დაფინანსებაზე. იდეალურ სამყაროში პარტიებს არ უნდა ჰქონდეთ ეს დაფინანსება, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის პრობლემა – მმართველ გუნდს შეუძლია, რომ ეს გამოიყენოს როგორც სანქცია – ოპოზიცია კი ნაკლებად არის დამოკიდებული თავის ამომრჩეველზე. ხომ არ დავიწყოთ მსჯელობა, როგორ გავაუქმოთ საბიუჯეტო დაფინანსება?” – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
პარლამენტში მეორე მოსმენით მიმდინარეობს “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების” შესახებ კანონპროექტის განხილვა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისთვის დაფინანსების წესის ცვლილებას გულისხმობს.