მნიშვნელოვანისიახლეები

პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, დამფუძნებელი, ექსპრემიერი აცხადებს, რომ მუნიციპალური არჩევნებისთვის ემზადებიან

პარტია გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია ამბობს, რომ ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის ემზადებიან და არ გამორიცხავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, თუმცა ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებისთვის დღეს მზად არ არის.

ეს განცხადება 15 აპრილს ტვ პირველის ეთერში, გადაცემა რეაქციაში გააკეთა.

“მე ვამბობ ერთ რამეს – ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის. იმიტომ რომ, შენ თუ ხარ პოლიტიკური პარტია, ყოველთვის მზად უნდა იყო არჩევნებისთვის, ჩვენ ასე ვმოქმედებთ. […]

მე ახლა თქვენ დაგიდასტურეთ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც თუ ჩატარდა ერთად, გასაგებია, თუ ჩატარდა ცალ-ცალკე, გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ, როცა მივიღებთ და არავის საქმე არ არის ეს. რა თქმა უნდა [ვემზადებით არჩევნებისთვის]. [კატეგორიულ უარს მონაწილეობაზე] რა თქმა უნდა, არ გეუბნებით. მე გეუბნებით, რომ ჩვენ შეიძლება მივიღოთ, შეიძლება არ მივიღოთ, მე არ ვარ მზად ამ გადაწყვეტილებისთვის დღეს”, – ამბობს გიორგი გახარია.

დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ თვითმმართველობის არჩევნები არ ჩატარდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, მიიღებს თუ არა მისი პარტია არჩევნებში მონაწილეობას, ის პასუხობს:

“ჩვენ ახლა ვემზადებით საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნებისთვის ერთად, ოქტომბერში. […] რომ არ დაინიშნება, მერე გადავწყვეტთ, მივიღებთ თუ არა მონაწილეობას”, – ამბობს გიორგი გახარია.

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე “კატეგორიულ უარს არ ამბობს”.

“რა თქმა უნდა, არ ვამბობ. კიდევ ვიმეორებ და გიდასტურებთ, რომ კატეგორიულად უარს არ ვამბობ და ვერავინ მათქმევინებს, იმიტომ რომ ეს ჩემი და ჩვენი ამომრჩევლების გადასაწყვეტია და ვერანაირი წნეხი მარჯვნიდან, მარცხნიდან, ახლა სახელებს არ დავასახელებ, რომლებიც სხედან და რაღაცაზე ოცნებობენ… მე ყოველთვის ვამბობ იმას, რისი გადათქმაც შემდგომ ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე”, – ამბობს გიორგი გახარია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

პროდასავლურიპარტიების უმეტესობა აცხადებს, რომ დაუშვებლად მიაჩნია ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ინფორმაციით, ამ წუთის მდგომარეობით, ოპოზიციური პარტიების ნაწილი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ფიქრობს.

ეს განცხადება მან ტვ პირველის ეთერში, გადაცემა რეაქციაში გააკეთა. ნიკა მელიას ეს პარტიები არ დაუკონკრეტებია.

“ნახევარი ოპოზიციური პარტიები ამ წუთის მდგომარეობით სერიოზულად ფიქრობენ ადგილობრივ არჩევნებზე გასვლას. არ დავაკონკრეტებ. ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ, მეც მათ შორის, რომ ეს არ მოხდეს, იმიტომ რომ ფასი საპარლამენტო ბოიკოტისა, ვფიქრობ, ყველამ ძალიან კარგად ვიგემეთ და ვნახეთ კარგი გაგებით, რამხელა უპირატესობა აქვს ახლა ამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველ ხალხს. რომ არ ყოფილიყო საპარლამენტო ბოიკოტი, ერთი ადამიანიც არ იდგებოდა, დღემდე ხომ საერთოდ არავინ, მაგრამ მაქსიმუმ ერთი კვირა გაეპროტესტებინა ვინმეს, თუ ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს არ მიმართავდნენ. 2020-2021 წლების გამოცდილება, როგორც გაკვეთილი, უნდა მივიღოთ”, – თქვა ნიკა მელიამ.

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ოპოზიციის წარმომადგენლის, ზვიად კუპრავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მომავალი თვითმმართველობის არჩევნების გადადებას მოითხოვს და აცხადებს, რომ ევროსაბჭოს რეკომენდაციაშიც ამაზეა საუბარი.

როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ევროსაბჭოს რეკომენდაცია ასეთ მოწოდებას არ ითვალისწინებს და არჩევნები ოქტომბერში გაიმართება.

„როგორც ჩანს, თქვენ საკუთარი მანდატის გახანგრძლივება გადაწყვიტეთ და ამიტომაც მოითხოვთ არჩევნების გადადებას. რაც შეეხება ევროსაბჭოს რეკომენდაციებს, ის არ გულისხმობს თვითმმართველობის არჩევნების გადადებას, მაგრამ ევროსაბჭოს მხრიდან რომ იყოს კიდეც რეკომენდაცია არჩევნების გადადების შესახებ, ეს წარმოუდგენელია, მოხდეს, რადგან ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია, გვყავს ლეგიტიმური პარლამენტი, ლეგიტიმური მთავრობა და ლეგიტიმური პრეზიდენტი. თვითმმართველობის არჩევნები, კანონმდებლობის შესაბამისად, ჩატარდება 4 ოქტომბერს და მაღალი დემოკრატიული სტანდარტით გაიმართება. დარწმუნებული ვარ, მომავალ არჩევნებს ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი დაესწრება, მათ შორის ევროსაბჭოს თვითმმართველობის კონგრესიდან. ისინი საკუთარ შეფასებებს უკვე არჩევნების შემდეგ გააკეთებენ. ასე რომ, თქვენთვის, სამწუხაროდ, 4 ოქტომბერი არის ის ბოლო ვადა, როდესაც თქვენ საკრებულოს წევრის უფლებამოსილება შეგიწყდებათ“, – მიმართა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ზვიად კუპრავას.

მსგავსი პოსტები

Back to top button