პასუხის პასუხის პასუხი ევროპარლამენტიდან
“კავკასიური სახლის” მორიგ წერილს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ისევ ეხმაურება და „პასუხის პასუხის პასუხში“ ევროპარლამენტარი ადრესატებს კიდევ ერთხელ ურჩევს კარგად კითხვას, ასევე „პოლიტიკური პატიმრის“ და „პოლიტიკური ოპონენტის“ სხვაობის გარჩევას.
„თამასა მიმოწერაში დაბლა დაშვებას აგრძელებს.“ – ამბობს ვიოლა ფონ კრამონი თავის მორიგ წერილში და ,,კავკასიური სახლის” წარმომადგენლებს რვა მარტის შეთანხმებას ახსენებს.
„პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, მივიღე თქვენი მონაწერი. სამწუხაროა, რომ თამასა მიმოწერაში აგრძელებს დაბლა დაშვებას. თავს ვერ მივცემ ასე ღრმად ჩამოყოლის უფლებას. შესაბამისად, იხილეთ ჩემი უკანსაკნელი პასუხი.
“თქვენს პირველ წერილში არაერთგზის და ამავდროულად მცდარად დამდეთ ბრალი ზოგიერთი პოლიტიკოსის „პოლიტპატიმრად“ შერაცხვაში. ამ ცილისწამების განსამტკიცებლად ციტატად მოიყვანეთ თებერვალში გაკეთებული ჩემი კომენტარი ტვიტერიდან სადაც ვაცხადებ, რომ „პოლიტიკური ოპონენტების დევნა დაუშვებელია და აზიანებს საქართველოს“. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ „პოლიტიკური ოპონენტი“ იგივეა რაც „პოლიტიკური პატიმარი“, მაშინ იძულებული ვარ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ კარგად კითხვის აუცილებლობის შესახებ.
“არგუმენტირების კიდევ ერთი მცდელობისას, თქვენ მახსენებთ ჩემ მიერ 8 მარტის შეთანხმების მხარდაჭერას. ეს შეთანხმება, კვალავს რა გზას უფრო სამართლიანი, უფრო კონკურენტუნარიანი არჩევნებისკენ, დიდი მიღწევაა ქართული დემოკრატიისთვის. შესაბამისად, გასაკვირია არა ჩემ მიერ შეთანხმების მხარდაჭერა, არამედ თქვენი ჭოჭმანი შეახსენოთ თქვენს ხელისუფლებას მათი ანგარიშვალდებულება და მოსთხოვოთ სიტყვის შესრულება.
“ბატონი ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ ერთხელ უკვე გატეხა თავისი პირობა და ახლა იმავეს გაკეთების კიდევ ერთი მცდელობა უფრო და უფრო ამსგავსებს მას სააკაშვილის საზარელ რეჟიმს. თქვენ თითქოს ასევე მიანიშნებთ, რომ მე უნდა ვიყო ანგარიშვალდებული იმაზე თუ რა თქვა ან არ თქვა ევროპარლამენტის ზოგიერთმა წევრმა. თქვენ მიერ ჩამოთვლილ პირთაგან არცერთი არ არის ჩემი პარტიის წევრი. უფრო მეტიც, ისინი არიან ჩემი პოლიტიკური ოპონენტები. შესაბამისად, მსუბუქად რომ ვთქვათ, ცოტა არ იყოს არაეფექტურია ჩემგან მოითხოვდეთ განმარტებას ჩემი ოპონენტების იმ სიტყვებზე, რომლებსაც თქვენ მცდარად ისევ მე მომაწერთ.
“თქვენ თუ ჩემი ოპონენტების სიტყვებზე განმარტების მოსმენა გსურდათ მაშინ თქვენი წერილი უნდა დაგესათაურებინათ მათი სახელებით და არა ჩემით. მთავარი კითხვა, რომელსაც აქ პასუხი უნდა გაეცეს, არის ის, თუ რატომ უტევთ ასე გამალებით, აშკარა და მარტივად უარსაყოფი ტყუილებით თქვენს საერთაშორისო მოკავშირეს? რატომ აყენებთ თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ? იქნებ, სამართლიანობის პოვნის კეთილშობილური მიზანი კი არა პოლიტიკური მოტივი გამოძრავებთ? თქვენი ნარატივი ორივე წერილში აშკარა მსგავსებას ავლენს „ქართული ოცნების“ ნარატივთან და იმეორებს რამდენიმე იმ პუნქტს, რომელსაც მთავრობის წევრები აჟღერებდნენ.
“თქვენსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ჩემს წინააღმდეგ წარმოებული (სავარაუდოდ) ორგანიზებული მედია კამპანია („პოლიტოლოგებად“ წოდებული პირების მონაწილეობით) ასევე მიუთითებს იმაზე, რომ თქვენს წამოწყებაში მარტო არ მოქმედებთ. მე ვურჩევდი „კავკასიურ სახლს“, რომ ან იყოს დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციის სტატუსის ერთგული ან ღიად განაცხადოს თავისი პოლიტიკური მოტივების შესახებ. ჩვენ, თქვენს მოკავშირეებს, გვაქვს უფლება ვიცოდეთ, ვისთან გვაქვს საქმე. მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია განვიხილო თქვენთან სტუმრობის შესაძლებლობა, რათა ვისაუბროთ „სააკაშვილის სასტიკ რეჟიმზე“ (რომელიც თითქმის 8 წლის წინ დასრულდა), მაგრამ უწინარესად მიმდინარე პრობლემებზე. ისეთ პრობლემებზე როგორებიცაა დემონსტრანტების ძალადობრივი დაშლა, მოსამართლეთა გაუმჭვირვალე დანიშნვა (ზოგიერთი მათგანი საკამათო განათლებით), პოლიტიკური ოპონენტების დევნა, დემოკრატიაზე გულის აცრუება, რუსული ოკუპაცია და სხვა მრავალი წინაღობა რომელიც აბრკოლებს საქართველოს იყოს ის ქვეყანა, რომელსაც მისი ხალხი იმსახურებს. იმედი მაქვს, მომავალში მოახერხებთ თქვენს მოკავშირეებთან კომუნიკაციის უფრო კონსტრუქციული გზების შერჩევას და დაიწყებთ იმ ხიდების აღდგენას, რომლებიც უსაფუძვლო და არაინფორმირებულმა პირადმა ბრალდებებმა სამწუხაროდ ძლიერ დააზიანა. პატივისცემით, ვიოლა ფონ კრამონი” – ნათქვამია ევროპარლამენტარის წერილში.
„კავკასიურმა სახლმა“ ევროპარლამენტარს პირველი წერილით რამდენიმე კვირის წინ მიმართა და პოლიტპატიმრების მხარდაჭერის გამო უსაყვედურა, რასაც ვიოლა ფონ კრამონის პასუხი მოჰყვა. მან წერილის ავტორებს “კარგად წერა-კითხვა” ურჩია. ამის შემდეგ, ევროპარლამენტარს “კავკასიურმა სახლმა” ისევ გაუგზავნა საპასუხო წერილი.