ანალიტიკამნიშვნელოვანისიახლეები

პატიმრის მკვლელობა ცხინვალში: ხალხი „პრეზიდენტისა“ და „პროკურორის“ წასვლას ითხოვს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. პრეზიდენტმა დე-ფაქტო მთავრობა გადააყენა მთავრობა გადააყენეს. მიზეზი ქუჩის საპროტესტო აქციებია, პროტესტი კი ცხინვალის იზოლატორში, დე-ფაქტო შს მინისტრზე თავდახმაში ბრალდებული 28 წლის ინალ ჯაბიევის სიკვდილს მოჰყვა. სავარაუდოდ, ჯაბიევი იზოლატორში წამებისას შემოაკვდათ.

ე.წ. პრეზიდენტმა ბიბილოვმა შს მინისტრი გადააყენა ხალხს საქმის გამოძიებას დაპირდა, თუმცა, ხალხი გენერალური პროკურორისა და თავად ბიბილოვის გადადგომას ითხოვს.

მომიტინგეების პოზიციას მხარს უჭერს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლების უმეტესობა და ე.წ. პარლამენტის დეპუტატებიც.

„პროკურორი ურუზმაზ ჯაგაევი აქეზებდა დანაშაულებს, რომლებიც ხდებოდა სამართალდამცავ ორგანოებში და ის უნდა გადადგეს“, – განაცხადა დეპუტატმა ალიკ პლიევმა.

ცხინვალის იზოლატორში გარდაცვლილი ინალ ჯაბიევი

ინალ ჯაბიევი დააკავეს ე,წ, შსს-ს ხელმძღვანელის, იგორ ნანიევის სამსახურებრივ ავტომობილზე 2020 წლის 18 აგვისტოს ცეცხლის გახსნაში მონაწილეობისთვის. იმ ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.

ცხინვალში უკანასკნელ წლებში ციხესა და იზოლატორში რამდენიმე ინციდენტი მოხდა. პატიმრები და მათი ნათესავები ამტკიცებენ, რომ იქ ადამიანებს სცემენ, აწამებენ და აბუჩად იგდებენ.

2020 წლის 6 ივნისს, მორიგი რეიდის შემდეგ, დაახლოებით 20-მა პატიმარმა აგრესიული მოპყრობისადმი პროტესტის ნიშნად ვენები გადაიჭრა – მაშინ არავინ დაღუპულა.

ინალ ჯაბიევის შეურაცხყოფას ადასტურებს მორგში გადაღებული ფოტოები, რომლებიც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა.

 

წამების უცვლელი რუსული სტილი – მედიაში ჩრდილო ოსეთში წამებით მოკლული ვლადიმირ ცკაევი გაიხსენეს

მედიასა და სოციალურ ქსელებში პარალელს ავლებენ ვლადიკავკაზის (ჩრდილოეთ ოსეთი, რუსეთი) მკვიდრის, ვლადიმირ ცკაევის ისტორიასთან, რომელიც მილიციის განყოფილებაში წამებისგან დაიღუპა.

ეს ჯერ კიდევ 2015 წელს მოხდა, თუმცა სასამართლო პროცესი დღემდე გრძელდება.

„ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ვოვა დამენახოს: ეს მუხლები, თეძოები, ზურგი, ხელბორკილებით დასერილი ხელები… ყველაფერი იმავე სცენარით, როგორითაც ჩემი ქმრის შემთხვევაში“, – უთხრა ჟურნალისტებს მისმა ქვრივმა ზემფირა ცკაევამ.

ინტერნეტში ამ ფოტოკოლაჟს ავრცელებენ: მარცხნივ – ცხინვალის იზოლატორში დაღუპული ინალ ჯაბიევის ხელები, მარჯვნივ – ვლადიკავკაზის იზოლატორში დაღუპული ვლადიმირ ცკაევის.

მარცხნივ – ცხინვალის იზოლატორში დაღუპული ინალ ჯაბიევის ხელები, მარჯვნივ – ვლადიკავკაზის იზოლატორში დაღუპული ვლადიმირ ცკაევის

სააგენტო „ჯემ ნიუსი“ ავრცელებს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კომენტარებს, რომელიც ინალ ჯაბიევის სიკვდილს ეხება.

ტელეგრამარხი „თავისუფლების მოედანი“:

„სრული შთაბეჭდილება იქმნება, რომ ცხინვალში შეიჭრა სადისტების რაზმი ვლადიკავკაზიდან, 2015 წლის ანალოგი. იგივე მეთოდები. იგივე წამება, როგორც ჩანს. რა მოხდა იქ? თავზე პაკეტი, თითებს შეერთებული საველე ტელეფონის კაბელები, ცემა.

და კიდევ, იგივე რიტორიკა პოსტფაქტუმ. ნაწამები ვლადიმირ ცკაევი, პოლიციის პრესსამსახურის გარეწრების ვერსიით, თავს იატაკს ურტყამდა და თავი მოიკლა.

ცხინვალელი რუხი ძაღლების მიერ ნაწამები ინალ ჯაბიევი, ლეგენდის მიხედვით, სიკვდილამდე „ტუალეტში წავიდა, ცუდად გახდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს“. 

გასაოცარი მეთოდოლოგიური ერთობაა სამხრეთისა და ჩრდილოეთის მენტ-გამტყავებლებს შორის“. 

ტელეგრამარხი Alægaty Xazbi:

„დღეს, ვფიქრობ, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ჩვენს პატარა საზოგადოებას არ შეეფერება „მართლმსაჯულების“ ის კანონები, მეთოდები და პრაქტიკები, რომლებიც, ხშირად, გამოიყენება უზარმაზარ ქვეყანაში მრავალმილიონიანი მოსახლეობით.

იმედი მაქვს, სამხრეთ ოსეთის „რუსეთში ინტეგრაციის“ წარუმატებელი ექსპერიმენტი ამით დასრულდება“.

უფრო დეტალურად, წაიკითხეთ „ჯემ ნიუსის“ ვებ-გვერდზე

 

მსგავსი პოსტები

Back to top button