პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს

სასჯელაღსრულების სამსახურის ფორმაში ჩაცმული დავით ღონიაშვილი ვითომ საათის წართმევის მოტივით თავზე დამახტა და ერთადერთი იყო, ვინც სიძულვილით და ზიზღით გამოირჩეოდა, მიხეილ სააკაშვილმა გორის ჰოსპიტალში მასზე განხორცილებული ძალადობის ფაქტის ამსახველი კადრების წაშლაში ეჭვმიტანილი პირი ამოიცნო. ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. მისი ინფორმაციით, სწორედ დავით ღონიაშვილი იყო ის პირი, ვინც მასზე ფიზიკურად იძალადა და ბადრაგის თანამშრომელებს მოუწოდებდა ანალოგიური ქმედებისთვის.
მისი თქმით, დავით ღონიაშვილმა შემდეგი სახის დანაშაულები ჩაიდინა: ძალადობა, სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და დანაშაულის ამსახველი კადრების უკანონოდ წაშლა.
„ჩანაწერების წამშლელი დავით ღონიაშვილი, რომელიც გუშინ ტელევიზიით აჩვენეს, სწორედ ის იყო, ვინც ბადრაგს შემოუძღვა ღამის 12 საათზე და მაშინ პირველად ვნახე ჰოსპიტალში ყოფნის განმავლობაში. სასჯელაღსრულების სამსახურის ფორმაში ჩაცმული და ვითომ საათის წართმევის მოტივით თავზე დამახტა და ერთადერთი იყო, ვინც სიძულვილით და ზიზღით გამოირჩეოდა. რომ გადიოდა, მივაძახე, ჩანაწერი კარგად შემინახეთ, შენ აუცილებლად წახვალ ციხეში ამ უკანონობისთვის-მეთქი.
მან გასვლისას კიდევ ერთხელ გამომხედა ამ სიტყვების გაგონების შემდეგ ბოროტი მზერით. ამიტომ, გუშინ ტელეეკრანზე ძალიან ადვილად ამოვიცანი.
აქ რამდენიმე სახის დანაშაულია:
თავად ძალადობის ფაქტი, როცა მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტს დახრჩობას უწყებ – ეს მკვლელობის მცდელობაა.
უკანონოდ ფორმის ტარება და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.
დანაშაულის ამსახველი კადრების უკანონოდ წაშლა.
ღონიაშვილი ადრე შსს-დან ნარკომანობის გამო გაუშვეს. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემთან შემოვარდნის დროს ამავე ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო.
ამ ხალხის გამკვირვებია, პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ და რა გონიათ, სადამდე გაუვათ და შერჩებათ? თან ღარიბაშვილის ახლობელი ყოფილა. ჩვეულებრივი შარაგზის ყაჩაღთა ბანდაა ხელისუფლებაში.
აქ ნიშანდობლივი ის იყო, რომ სხვებს (ბადრაგის თანამშრომლებს) არ სურდათ ამ ნაგვის ბრძანების შესრულება და სულ დოყლაპიები ეძახა,“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ადამიანი, რომელმაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის წამების კადრები წაშალა, ღარიბაშვილის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის ქმარია. დავით ღონიაშვილის მეუღლე, მაკა ფერაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელობს.