პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის საქმეზე სტრასბურგში საჩივარი გაიგზავნა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა. ადვოკატებს იმედი აქვთ, რომ სასამართლო დაადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევას.
სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის გაგზავნასთან დაკავშირებით ცნობილი იყო წინსწრებით, როცა სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს მსგავსად, არ გაიზიარა ადვოკატების პოზიცია და არ გადაუვადა მიხეილ სააკაშვილს სასჯელი. ადვოკატები ამ ეტაპზე სარჩელის შინაარსზე არ საუბრობენ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სააკაშვილის საქმეზე 2 მარტს გახდა ცნობილი. ამას წინ უსწრებდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. პირველმა ინსტანციამ ორთვიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეთავისუფლებინათ ან გადაევადებინათ სასჯელი და სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.
“პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებას სჭირდება ბევრი კომპლექსური ქმედება და ყველა ეს ქმედება ხორციელდება უმაღლეს დონეზე. სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან ერთად ეს ქმედებები გაგრძელდება, ვიდრე მისი თავისუფლება არ იქნება მიღწეული. ყველაზე რთული რაც არის, ეს არის დრო – გამოწვევა ჩვენი არის დრო, რომ უნდა მოვასწროთ, ვიდრე პრეზიდენტი ცოცხალია, შემდეგ მისი გარდაცვალება გამოიწვევს ყველა ამ პროცესის, რასაც საქართველოს სახელმწიფოებრივი შენარჩუნება ჰქვია, დაკარგვას”, – განაცხადა ჩალაძემ.
საჩივრის დეტალებზე და მოლოდინებზე ისინი არ საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ საკითხის პოლიტიზება უნდა შეწყდეს. ჩალაძე აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე დარღვეული უფლებების აღდგენას და მისი სიცოცხლის შესანარჩუნებელი ღონისძიებების გატარებას ითხოვს.
სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი კიდევ 5-7 კილოგრამის დაკლების შემთხვევაში, საწოლზე მიჯაჭვული გახდება. მათი თქმით, ამ სისწრაფით წონის კლებისას მოსალოდნელია ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეში.
დასკვნის თანახმად, მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები. კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილს აქვს სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია, ასევე, ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით.
მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის წინა დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი. ადვოკატები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი ჩამოსცდა 18-ს. მათი შეფასებით, მისი მდგომარეობა საგანგაშოა და საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას.
კლინიკა ვივამედში ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს. ნინო ნადირაძის თქმით, თუ დააპირებენ მის რეანიმაციაში მოთავსებას, ინფორმაციას გაავრცელებენ. თუმცა 22 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე კლინიკის ექიმებმა არ უარყვეს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა – მათ განაცხადეს, რომ პაციენტს ზოგადი სისუსტე აწუხებს, არაბალანსირებულად იკვებება და წონაში კლებას აგრძელებს.
სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან და ექიმებთან ერთად საერთაშორისო პარტნიორებიც ითხოვენ. ამის შესახებ საუბარი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, სადაც დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ მისდამი მოპყრობა იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტსაც, რომ გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით.2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.