პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი 2000 ლარით დააჯარიმეს-გადაწყვეტილება მოსამართლემ სალიხ შაინიძემ მიიღო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში მყოფი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად ცნო და 2 000-ლარით დააჯარიმა.
მოსამართლე სალიხ შაინიძემ მიიჩნია, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი არ დაემორჩილა პოლიციელის „კანონიერ მოთხოვნას“ და დაარღვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილი.
გადაწყვეტილების გამოცხადების დროს ისმოდა შეძახილები: „უსამართლო სასამართლო!“ „ხალხის ძალის გეშინოდეს!“
წინა სხდომაზე მოსამართლე შაინიძემ თავად განაცხადა, რომ აღარ სჭირდებოდა მოწმეების დაბარება სასამართლოში, რადგან წარდგენილი მტკიცებულებეით ისედაც დაინახა, რომ მზია ამაღლობელი არც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს და „დამკავებელი პოლიციელიც“ არ იყო ის, ვინც ოქმშია მითითებული.
მზია ამაღლობელის საქმეზე დაკავების ოქმს პოლიციის უფროსის მოადგილე გოჩა ვანაძე აწერს ხელს. კადრებში კი ჩანს, რომ ამაღლობელი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გრიგოლ ბესელიამ დააკავა. ოქმში წერია, რომ ამაღლობელი პოლიციის შეურაცხყოფის გამო დააკავეს, – როცა კადრებიდან ირკვევა, რომ ამაღლობელი სტიკერის გაკვრისათვის დააკავეს, რაც კანონდარღვევაა. სწორედ ამის გამო უწოდებენ გამოცემა „ბათუმელები“ და პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის ადვოკატები პირველი დაკავების ოქმს „გაყალბებულს“.
მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე”. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.
დაახლოებით ორი საათის შემდეგ მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხელახლა დააკავეს – ის სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული, კერძოდ პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.
პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 14 იანვარს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.