მსოფლიო

ქსენია სობჩაკი მოსკოვიდან საქართველოში ჩამოვიდა

რუსი ჟურნალისტი და ყოფილი პოლიტიკოსი ქსენია სობჩაკი მოსკოვიდან საქართველოში ჩამოვიდა. მისი რეისი ერევნიდან ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა.

აეროპორტში სობჩაკმა ფორმულას უთხრა, რომ საქართველოში პირადი ვიზიტით იმყოფება.

კითხვაზე, რომელიც მისი კოლეგების და რუსი ოპოზიციონერების საქართველოში არ შემოშვებას ეხებოდა სობჩაკმა უპასუხა, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ამ გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის უფლებაა.

“საქართველოში პირადი ვიზიტით ჩამოვედი, მე მიყვარს თბილისი. აქ საკმაოდ ხშირად ჩამოვდივარ. რაც შეეხება საქართველოს მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმას, ვიცი, რომ ჩემი ზოგიერთი კოლეგა არ შემოუშვეს, მათ შორის მიხაელ ფიშმანი, არ ვიცი, რა მიზეზით უთხრეს მას უარი. არიან ადამიანები, რომლებსაც პრობლემების გარეშე უშვებენ. საქართველო სუვერენული ქვეყანაა, ამ გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის უფლებაა. პირადად მე საზღვარზე პრობლემა არ მქონია”, – თქვა სობჩაკმა.

ქსენია სობჩაკი რუსეთში მოღვაწე კრიტიკული ჟურნალისტია, თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით მას მკაფიო პოზიცია არ დაუფიქსირებია. ამასთან, ქსენია სობჩაკი 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას და ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური ოპონენტი იყო.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა რუსეთის პოლიტიკის არაერთ მოწინააღმდეგეს, მათ შორის ჟურნალისტებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და ბლოგერებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button