“პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები”- ილია II
“პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები,” – ეს განცხადება ილია მეორემ გააკეთა.
პატრიარქმა პრემიერ-მინისტრს მიმართა და მოუწოდა, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ეს განცხადება პატრიარქმა რუსთაველის თეატრში გაახმაურა, სადაც მსჯავრდებული ქალბატონების მონაწილეობით სპექტაკლი დაიდგა.
წარმოადგენას, პატრიარქის გარდა, პრემიერი, მინისტრები, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
პატრიარქმა სპექტაკლში მონაწილე პირები და პრემიერ-მინისტრი დააჯილდოვა. თავად ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიარქს და სასჯელაღსრულების მინისტრ კახი კახიშვილს მადლობა გადაუხადა.
ირაკლი ღარიბაშვილს პატრიარქის ინიციატივაზე განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, მინისტრები და უმრავლესობის წარმომადგენლები ამ ინიციატივას იწონებენ.
პარლამენტის ადამინის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი პატრიარქის ინიციატივას მიესალმება. ეკა ბესელია ფიქრობს, რომ, თუ პოლიტიკური ნება იქნება, იდეას ბევრი მხარდამჭერი ეყოლება. თავად კი ფიქრობს, რომ პატრიარს პატიმრების შეწყალების უფლება უნდა მიეცეს.