ახალი ამბებიმნიშვნელოვანირეგიონი

„პატრიოტების“ აფხაზეთში მოგზაურობის გამო ბჟანიას მრჩეველი გადადგა

„პატრიოტთა ალიანსის“ ბოლოდროინდელ ქმედებებს და საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობას გაგრძელება მოჰყვა. ლაპარაკია ირმა ინაშვილის და დავით თარხან-მოურავის 18 აგვისტოს საიდუმლო ვიზიტზე ოკუპირებულ აფხაზეთში

მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაამ“ დე-ფაქტო ხელისუფლებისგან განმარტება მოითხოვა ოკუპირებულ რეგიონში დავით თარხან-მოურავის და ირმა ინაშვილის ჩასვლის გამო, დე-ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თანაშემწე თანამდებობიდან გადადგა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ლაშა საყანიამ გადადგომის განცხადება გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, ინაშვილი და თარხან-მოურავი ოკუპირებულ აფხაზეთში სწორად მას შეხვდნენ.

თავიდან „პატრიოტებთან“ შეხვედრას საყანიაც არ ახმაურებდა, თუმცა, მოგვიანებით მან შეხვედრა დაადასტურა. მისი მტკიცებით, „პარტიოტთა ალიანსის“ ლიდერებს „ჰუმანიტარული მისიით“ შეხვდა.

როგორც საყანიამ რამდენიმე დღის წინ მედიასთან განაცხადა, შეხვედრის მიზანი, რომელიც „რუსი მეგობრების“ მხარდაჭერით დაიგეგმა, დავით თარხან-მოურავისგან ოჩამჩირეში მდებარე ილორის ეკლესიისთვის ღვთისმშობლის ხატი გადაცემა იყო. იმავე გაიმეორა ირმა ინაშვილმაც.

საყანიას განცხადებით, მან, შეხვედრის შესახებ, შეგნებულად არ ჩააყენა საქმის კურსში, არც გალის რაიონის ადმინისტრაცია და, არც დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო, რათა შეხვედრას რაიმე სახის ოფიციალური სახე არ მიცემოდა.

საქართველოს მთავრობას „პატრიოტების“ „მოგზაურობაზე“ რეაგირება არ მოუხდენია. ლაშა საყანიამ კი გადადგომის ტექსტი „ფეისბუკზე“ გამოაქვეყნა.

ძვირფასო მეგობრებო, 2020 წლის 18 აგვისტოს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ საზოგადოებაში არ გავზარდოთ ტემპერატურა, გადაწყვეტილი მაქვს, რომ საკუთარი სურვილით გადადგომის შესახებ განცხადება დავწერო.

ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ მე ყოველთვის და ყველგან ვიცავდი და დავიცავ ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს! – წერს ლაშა საყანია.

მსგავსი პოსტები

Back to top button