პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და 2 500 ლარით დააჯარიმა
პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 2500 ლარი დააკისრა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილს, კერძოდ პოლიციელისადმი სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდა.
უწყების მტკიცებით, მათი წარმომადგენლები კონსტანტინე ჩახუნაშვილს აბარებდნენ უწყებას მოწმის სახით დაკითხვის შესახებ, რა დროსაც ის აგრესიული გახდა და პოლიციას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შსს-ს მოწმეების თქმით, ის მათ “ღორებს” და “რუსის მონებს” ეძახდა.
ჩახუნაშვილმა ბრალდება უარყო და თქვა, რომ მას აღნიშნული უწყება წინა დღით ჩაბარდა და პოლიციელებმა ის დასჯის მიზნით გააჩერეს.
“წინა დღეს მოვიდნენ სახლში, ვუთხარი გამომძიებელს, რომ მაგისტრანტ მოსამართლესთან მივიდოდი გამოკითხვაზე. მეორე დღეს სამსახურში, დაცვამ მითხრა, რომ მითვალთვალებდნენ, რომ 2 მანქანა იდგა ციციშვილის კლინიკასთან. სახლში ტაქსით დავბრუნდი და ამიტომ ვერ ამიყვანეს.
საღამოს გამაჩერა პოლიციამ. მითხრეს, რომ ალკოტესტზე უნდა შევემოწმებინე. მალევე გადმომიყვანეს და დამაკავეს.
ეს არის სამაგალითო დასჯა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ [ფართო საზოგადოებაზე – რ.თ] წვდომა, აღარ ისაუბრონ საჯაროდ.
კრიმინალურ პოლიციას იქ მოსვლის მიზეზი არ ჰქონია. მე წინა დღეს მოვაწერე ხელი, რომ მაგისტრანტ მოსამართლესთან მივცემდი ჩვენებას. ვიდეო მტკიცებულებაც მაქვს”, – თქვა სასამართლო პროცესზე პედიატრმა.
სხდომაზე ბრალდებული და ადვოკატები მიუთითებდნენ, რომ შსს-ს მოწმეები ცრუ ჩვენებას აძლევდნენ. მოსამართლე მათ მოწმეების დეტალური დაკითხვის საშუალებას არ აძლევდა.
ადვოკატების განცხადებით, პედიატრს სახლთანაც უთვალთვალებდნენ. მათივე თქმით, სხვა დანაყოფმა [ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ ჩააბარა] ჩააბარა მას უწყება და სხვამ დააკავა.
“მე ექიმი ვარ და როცა პაციენტი მოდის, ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა. ესეც მნიშვნელოვანია, რომ ტყუილად ციხეში არ გამიშვათ ან ჯარიმა არ დამიწესოთ ტყუილად. ამ ადამიანს ზემდგომმა დაავალა, რომ მოეტყუებინა”, – თქვა ჩახუნაშვილმა.
რუსული „მილიცია“ არის ეს, რასაც ახლა აკეთებენ – ცრუ მოწმეების ბრალდებებით გიჭერენ – ყველას მოვუწოდებ, არ დაიღალოთ, ბოლომდე უნდა მივაწვეთ და ეს რეჟიმი არის დასასრულებელი, – ამის შესახებ სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ პედიატრმა კოტე ჩახუნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სასამართლო სხდომაზე მისი ბრალდების საქმეზე ე.წ. ცრუ მოწმეები იყვნენ წარმოდგენილები.
„როგორც ნახეთ, იტყუებოდნენ და ორივე მოწმეს შუბლის ძარღვი ჰქონდა გაწყვეტილი. დაკავების დროს, სადაც ვსაუბრობდი, იქ, თვითონ ჰქონდათ პრეტენზია, რომ ვიღაცები იტყუებიან, სცემენ და ასე გამოდიანო და ახლა, მაგალითად, ერთ-ერთმა ცრუ მოწმემ შუბლის ძარღვი გაიწყვიტა, რომელიც დაკავების დროს იქ, საერთოდ არ ყოფილა. თვითონ იქ, პრეტენზია ჰქონდათ- „აი, რომ არ გცემთ, იმიტომ არ ვართ რუსული „მილიაცია“ და რუსული „მილიცია მარტო“ ეს კი არ არის, რუსული „მილიცია“ არის ის, რასაც ახლა აკეთებენ – ცრუ მოწმეების ბრალდებებით რომ გიჭერენ. თუნდაც ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა, გიორგი ახობაძე ე.წ. ჩადებით არის დაჭერილი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ახლა, მე და ჩემი მეგობრები აქციაზე წავალთ, იქ დავდგებით და გამოვხატავთ პროტესტს.
ყველას მოვუწოდებ, არ დაიღალოთ, ბოლომდე უნდა მივაწვეთ და ეს რეჟიმი არის დასასრულებელი“, – განაცხადა კოტე ჩახუნაშვილმა.
პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. პროკურატურა მას პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდა. ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. ის 9 დეკემბერს, ნუცუბიძეზე იმ დროს დააკავეს, როცა აქციაზე მიდიოდა.