მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“პენსია ყოველწლიურად, მინიმუმ, 20-25 ლარით გაიზრდება”

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, რამდენიმე დღეში მთავრობა პარლამენტს წარუდგენს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს პენსიის ინდექსირების წესის შესახებ, რომლის მიხედვითაც 70 წლამდე პენსიონერების პენსია ყოველწლიურად, გარანტირებულად, მინიმუმ 20, ხოლო 70 წელს გადაცილებულთათვის, მინიმუმ 25 ლარით გაიზრდება.

მინისტრმა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული მიზნობრივი სოციალური დახმარებებისა და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე განმარტა, თუ რას გულისხმობს პენსიის ინდექსაცია და ამასთან აღნიშნა, რომ ძალაშია პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსიის 30 ლარით მატება.

“გადავწყვიტეთ, შევიმუშაოთ წესი, რომელიც სამომავლოდ უზრუნველყოფს იმას, რომ ავტომატურ რეჟიმში, პენსიონერებს ყოველწლიურად გაეზარდოთ პენსია არა იმის მიხედვით, თუ რომელი პოლიტიკური ძალაა ხელისუფლებაში და ვინ მეტად თუ ნაკლებად პოპულისტია, არამედ იყოს გამჭვირვალე, პროგნოზირებადი წესი. 70 წლამდე პენსიონერებისთვის, უნდა მოხდეს პენსიის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს ზემოთ, პლუს ეკონომიკური ზრდის 80%-ის გათვალისწინებით.

“ასევე, ჩვენ გვაქვს ქვედა მინიმუმი. შესაბამისად, ყოველწლიურად მინიმუმ 20 ლარით გაიზრდება 70 წლამდე პენსიონერების პენსია, ხოლო 70 წელს ზემოთ, – 25 ლარით. თუ ეკონომიკური ზრდა ან ინფლაცია მაღალი იქნება, ეს თანხები ამ მაჩვენებლებით შესწორდება და შეიძლება, უფრო მეტიც იყოს.” -აღნიშნა მაჭავარიანმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button