ფერადკანიანი კაცის მკვლელობის შემდეგ ლუიზიანაში საპროტესტო აქციები დაიწყო [Video]

ამერიკულ ქალაქ ბატონ-რუჟში (ლუიზიანის შტატი) გარდაცვლილი ელტონ სტერლინგის სულისთვის ლოცულობენ. სამართალდმცველებმა 37 წლის აფროამერიკელი მამაკაცი დაკავების დროს მოკლეს, – იუწყება Routers.
6 ივლისის დილით ქალაქის პოლიციაში საჩივარი შევიდა იმის თაობაზე, რომ მაღაზია Triple S Food Mart-ში წითელმაისურიანი აფროამერიკელი ვიღაცას იარაღით ემუქრებოდა. ჩვეულებრივ აღნიშნულ მაღაზიასთან ელტონ სტერლინგი კომპაქტ-დისკებს ჰყიდდა. იგი პოლიციელებმა პარკინგთან დაინახეს და ტროტუარზე დაწოლა უბრძანეს, მაგრამ ბრძანების შესრულებას არ დაელოდნენ, ჯერ სტერლინგი მანქანის კაპოტზე დაანარცხეს, შემდეგ კი ტროტუარზე დააგდეს. ერთ-ერთმა პოლიციელმა დაიყვირა, რომ სტერლინგი შეიარაღებული იყო და მას ტაბელური იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციელები გამოძიების დაწყებამდე დააპატიმრეს.
“აქ იმისთვის მოვედით, რათა სამართლიანობა აღვადგინოთ. გვსურს, რომ გამოძიება სამართლიანად ჩატარდეს. არ გავჩერდებით მანამ, სანამ დამნაშავის ვინაობას არ დავადგენთ და მას სათანადოდ არ დასჯიან,” – განაცხადა აქციის მონაწილემ.
აღსანიშნავია, რომ ინციდენტის ვიდეო მაღაზიის მფლობელმა, აბდულა მუფლაჰიმ გადაიღო, რომელმაც განაცხადა, რომ სტერლინგს ჯიბეში პისტოლეტი ნამდვილად ედო, მაგრამ მას მისი გამოყენება არცკი უცდია.