პერუელმა შამანებმა აშშ-ის პრეზიდენტის ვინაობა იწინასწარმეტყველეს [Video]

პერუში ადგილობრივმა შამანებმა აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის ვინაობის დადგენა ცადეს. ჯადოქრები პერუს დედაქალაქის სანაპიროზე შეიკრიბნენ, – იუწყება ესპანური საინფორმაციო სააგენტო EFE.

შამანებმა წინასწარმეტყველებისთვის დონალდ ტრამპისა და ჰილარი კლინტონის სურათები, ასევე ყვავილები, ბალახი და საკმეველი გამოიყენეს.

მთავარმა შამანმა, ხუან ოსკომ, ვარსკვლავებთან და სულებთან კონსულტაციის შემდეგ დაასკვნა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონი გაიმარჯვებს.

ჯადოქარმა მარინო დე ლოს სანტოსმა საწინააღმდეგო თვალსაზრისი გამოთქვა. მისი აზრით, ტრამპი “ძლიერი სულის” მატარებელი ადამიანია და გამარჯვება მხოლოდ მას ერგება.

აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის ვინაობის დადგენა რუსეთშიც ცადეს. კრასნოიარსკის ზოოპარკის თანამშრომლებმა თევზითა და ხორცით სავსე გოგრებზე ტრამპისა და კლინტონის პორტრეტები დახატეს და ასარჩევად ზოოპარკის ბინადარ მტაცებლებს შესთავაზეს. ამურის ვეფხვმა, ზედმესახელად იუნონამ, უპირატესობა “ჰილარი კლინტონის გოგრას” მიანიჭა, ხოლო პოლარულმა დათვმა ფელიქსმა “დონალდ ტრამპის გოგრა” აირჩია.


აღსანიშნავია, რომ ორიოდე დღის წინ პრეზიდენტობა დონალდ ტრამპს ჩინელმა მაიმუნმაც უწინასწარმეტყველა.

მსგავსი პოსტები

Back to top button