მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სანკტ-პეტერბურგის მთავარი აეროპორტის მუშაობა დროებით შეიზღუდა

სანკტ-პეტერბურგის მთავარი აეროპორტის მუშაობა დროებით შეიზღუდა. შემოღებულ იქნა ეგრეთ წოდებული „კარპეტის“ გეგმა „სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. ლენინგრადის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრე დროზდენკო აცხადებს, რომ ფინეთის ყურის თავზე განადგურებულია „საჰაერო სამიზნეები“.
როგორც გამოცემა „ფონტანკა“ წერს, ქალაქ ლომონოსოვის (სანქტ-პეტერბურგის ნაწილი) მოსახლეობა 2 მარტის საღამოს ადგილობრივ სოციალურ ქსელებში მასობრივად უჩიოდა ბრონკას ნავსადგურის მიდამოში ძლიერ ხმაურს და აფეთქებებს.

მოგვიანებით ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ლომონოსოვის რაიონში ამოქმედდა ანტისარაკეტო თავდაცვის საშუალებები. შედეგად განადგურდა რამდენიმე სამიზნე. მისივე თქმით, მომხდარს ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

2 მარტს, ადრე, სავარაუდოდ, დრონის ჩამოვარდნის შედეგად, სანქტ-პეტერბურგის ჩრდილოეთით მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. “ინციდენტის” შესახებ სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა ალექსანდრე ბეგლოვმაც განაცხადა. “დაშავებულები არ არიან. ნაწილობრივ დაზიანდა ორი სახლის აივნების მინა. დაზარალებული ბინების მცხოვრებლები ევაკუირებული იქნა”, -წერს ბეგლოვი. მან “ინციდენტის” მიზეზი არ დააკონკრეტა.

რუსეთის ხელისუფლებას პირდაპირ ჯერ არ დაუდანაშაულებია უკრაინა სანქტ-პეტერბურგის ობიექტებზე თავდასხმის მცდელობაში. რამდენიმე ობიექტზე, ქალაქსა და მის გარეუბანში, ადრე იყო დრონებით თავდასხმის მცდელობა. უკრაინელი სამხედროები ოფიციალურად არ აკეთებენ კომენტარს რუსეთში სამიზნეებზე უპილოტო თვითმფრინავების სავარაუდო თავდასხმის შესახებ, მაგრამ უკრაინის უსაფრთხოების ძალების წყაროები ადასტურებენ, რომ ასეთი დარტყმები ხორციელდება.

ცნობისთვის, მანამდე სანკტ-პეტერბურგში აფეთქება მოხდა, რასაც საცხოვრებელ სახლთან დრონის შეჯახებას უკავშირებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button