ფარმაცევტული ბაზრისთვის ახალი თამაშის წესები მზადდება
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წამლისა და სამკურნალო საშუალებების ფასების ექსპერტი, ლუკა ვუნ კინო, ექსპერტი ჯანდაცვის სფეროში, თინათინ ტურძელაძე, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან კალანადაძე, ბაზრის მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი, გელა ჩარკვიანი და ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გიორგი ქედელიძე.
შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძემ მონიტორინგის პროცესში წარმოდგენილ მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალურად ისაუბრა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი თამაშის წესების განსაზღვრისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოვადგინეთ. მნიშვნელოვანია დაბალანსდეს ბაზრის მაღალი ინტეგრაციისა და ჰოლდინგური სტრუქტურის შესაძლო უარყოფითი, კომერციული გავლენა და განეიტრალდეს შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობა, ანგარებიანი ურთიერთობები. მიგვაჩნია, რომ ჩამოყალიბდეს მიდგომა ჰოლდინგებთან დაკავშირებით, ასევე ვთვლით, რომ აუცილებელია რეცეპტი იყოს მხოლოდ გენერიკული და ალტერნატივების შემცველი, რაც არის ბაზარზე კონკურენტული გარემოს ფუნდამენტური საშუალება. ამასთან, რეცეპტი უნდა იყოს მხოლოდ ელექტრონული, რათა დარგის მარეგულირებელს შეეძლოს ბაზრის ეფექტიანი კონტროლი. საუკეთესო ევროპული გამოცდილების და ქვეყანაში ბაზრის სტრუქტურის, ასევე საკანონმდებლო რეგულირების ანალიზის გათვალისწინებით, ჩვენ მიერ მომზადებული 11 რეკომენდაციის მიზანია მომხმარებლის მიერ მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირება“, – განაცხადა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ შეხვედრისას.
სამუშაო შეხვედრის ფორმატში, მხარეებმა ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციები განიხილეს. იმსჯელეს მოსალოდნელ შედეგებზე, ასევე, სხვა ქვეყნის მაგალითებზე მსგავსი რეფორმები როგორ და რა მიმართულებით განხორციელდა, ბაზრის დარეგულირების შემდგომ როგორია საერთაშორისო პრაქტიკა და რა შესაძლო რისკების გამტარია.
შეხვედრაზე ლუკა ვუნ კინოს მიერ აღინიშნა, რომ მედიკამენტების ფასი სენსიტიური საკითხია არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციები – რეცეპტისა და დანიშნულების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სხვა დანარჩენი მიგნებები შუალედური მონიტორინგის ფარგლებში. მხარეებმა, სამომავლოდ, სამუშაო ჯგუფში მონაწილეობისათვის და თითოეულ საკითხზე სიღრმისეულ მსჯელობაზე მზადყოფნა გამოთქვეს.