მნიშვნელოვანისიახლეები

ფარმაცევტული რეფორმის შედეგად საქართველოს მოქალაქეებმა 350 მილიონ ლარამდე დაზოგეს

მშობიარობების საშუალოდ 55-60% საკეისრო კვეთით ხდება რაც შემდგომში დემოგრაფიულ პრობლერმებს უწყობს ხელს

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ფარმაცევტული რეფორმის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებმა, 350 მილიონ ლარამდე დაზოგეს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მედიკამენტები მნიშვნელოვნად გაიაფდა, ზოგ შემთხვევაში 80%-თაც.

„როდესაც ახალი მისული ვიყავი სამინისტროში, წინა წლის იანვარში, პირველი საუბარი როდესაც მქონდა პრემიერთან, მაშინ, მისი იდეა იყო, რომ დეტალურად შემესწავლა თურქეთის ბაზრის გახსნის შესაძლებლობები და რამდენად ეფექტიანი იქნებოდა. პირველივე მთავრობის სხდომაზე, მოხდა შეთანხმება, რომ თურქეთის ბაზარი გაგვეხსნა და იქიდან, ალტერნატიული, ზუსტად იგივე ხარისხის მედიკამენტები შემოსულიყო. მაშინაც იყო სპეკულაციები, რომ შემოიტანეს მაგრამ უხარისხოა, თურქეთში თითქოს უკონტროლოდ მიდიოდა წარმოება, ფალსიფიკაცია და ა.შ. მე წინა წლის მარტში ვიყავი თურქეთში, რადგან ადგილზე, თავად დავრწმუნებულიყავი როგორი მარეგულირებელი ჰყავს და ძალიან მკაცრი სხვათა შორის, ვიტყოდი, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაზეც მკაცრი. ვნახე რა პირობებში იწარმოება იქ მედიკამენტები, დავრწმუნდი და თავდაჯერებულად გავაგრძელე რეფორმაზე მუშაობა. დღეს ვხედავთ, რომ წამლები მნიშვნელოვნად გაიაფდა, ზოგ შემთხვევაში 80%-თაც“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, თურქეთიდან შემოსულმა მედიკამენტებმა, კონკურენციის პრინციპებიდან გამომდინარე, სხვა ქვეყნებიდან შემოსულ მედიკამენტების ღირებულებაზეც მოახდინა გავლენა.

„დღეს უკვე ძალიან ბევრ მედიკამენტზე, თურქეთიდან არის იმპორტირებული თუ სხვადასხვა ქვეყნიდან ფასები თითქმის გათანაბრებულია და 2-ჯერ და 3-ჯერ გაძვირებული ფასის გადახდა ჩვენს მოქალაქეებს აღარ უწევთ. პარალელურად, მიმდინარე წელს დავიწყეთ რეფერენტული ფასების რეფორმა, რომელიც უკვე წლის ბოლომდე ძირითად ნაწილზე გავრცელდება.

საერთო ჯამში, აღნიშნული რეფორმების შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ რომ 300-დან 350 მილიონ ლარამდე ნაკლების გადახდა მოუწიათ ჩვენს მოქალაქეებს მედიკამენტებში. ეს დამეთანხმებით საკმაოდ მნიშვნელოვანი დანაზოგია და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმაა რაც გავაკეთეთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანაში ცუდი ტენდენცია გვაქვს, მშობიარობების საშუალოდ, 55-60% საკეისრო კვეთის საშუალებით ხდება, აქედან დიდი ნაწილი არის ე.წ. ჩვენების გარეშე ჩატარებული საკეისრო კვეთა, რაც სამომავლოდ ქვეყანაში ქმნის დემოგრაფიულ პრობლემებს, რადგან შემდგომი მშობიარობები დაკავშირებულია გართულებებთან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსებაზე DGR დაფინანსების მოდელი გავრცელდა, რაც გულისხმობს იმას, რომ პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში, მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზე, თანაბარი ტარიფი დაწესდა და მოქალაქეებისთვის მომსახურება არის უფასო.

მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არასაჭირო საკეისრო კვეთების რაოდენობასაც შეამცირებს.

„DRG პრინციპის გათვალისწინებით, შევქმენით ახალი, თანაბარი ტარიფი როგორც მშობიარობის, ისე საკეისროს კვეთის შემთხვევაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ საკეისრო კვეთა იქნება ჩვენების გარეშე, ექიმს მოტივაცია ექნება, რომ აღარ გააკეთოს. მოთხოვნით საკეისრო კვეთის ჩატარებისას ღირებულებას თავად პაციენტი გადაიხდის, შესაბამისად, არასაჭირო საკეისრო კვეთების რაოდენობა შემცირდება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

აზარაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მშობიარეს აქვს სურვილი ე.წ.VIP მომსახურებით ისარგებლოს, ან ჩვენების გარეშე გაიკეთოს საკეისრო, მას შეუძლია, სურვილისამებრ, ერთჯერადად გამოეთიშოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და მომსახურების საფასური სრულად გადაიხადოს.

„ჩვენ საკეისრო კვეთების ჩატარების წახალისებას ვერ მოვახდენთ, სახელმწიფო სწორად, ჩვენებით ჩატარებულ საკეისრო კვეთასა და მშობიარობას სრულად დააფინანსებს, თუმცა თუ პაციენტს სურვილი აქვს ისარგებლოს ე.წ.VIP პალატის მომსახურებით, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ ძვირადღირებულია – 3000 დან 5000 ლარამდე შეიძლება იყოს, მას შეუძლია გამოეთიშოს პროგრამას ერთჯერადად და თავისი ხარჯებით სრულად დააფინანსოს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ამასთან, მინისტრის თქმით, DRG მოდელი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შეაფასა და ყველა აღფრთოვანებული, გაკვირვებულია იმ შედეგებითა და წარმატებით, რასაც ქვეყანამ ამ მოკლე პერიოდში მიაღწია.

უწყების ხელმძღვანელმა DRG სისტემის ამოქმედებიდან 1 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვან პროგრესსა და წარმატებებს მიაღწია.

„საქართველოში DRG-ის დანერგვის შემდეგ დამოუკიდებელი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ ძალიან ბევრი შეფასებები გაკეთდა. DRG მოდელი შეაფასა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და ყველა აღფრთოვანებული და გაკვირვებულია იმ შედეგებით და წარმატებით, რასაც ჩვენმა ქვეყანამ ამ მოკლე პერიოდში მიაღწია. ფასწარმოქმნა, მეთოდოლოგია და სხვა საკითხები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო იყენებს ჩვენ მოგონილი არაა. ეს საერთაშორისო, კარგად აპრობირებული გადახდის სისტემებია და ზუსტად იმავეს გადმოტანა მოვახდინეთ საქართველოში. არის მაღალტექნოლოგიური ოპერაციები, რომლებიც ძალიან ძვირადღირებულია. ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფო 15,20, 25 ათას ლარს იხდის. ჩვენ 1 წლის თავზე ვხედავთ, რომ სისტემა ძალიან წარმატებულია. სახელმწიფო ხარისხის ხარჯზე არანაირ დაზოგვას არ აკეთებს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მოქალაქეებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიეწოდოს და ამ ყველაფერში ადეკვატური ტარიფები გადავიხადოთ”, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button