მნიშვნელოვანისაქართველო

ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა ღამე რუსთაველის გამზირზე გაათენეს

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის პროტესტი გრძელდება. მათ ღამე პარლამენტის შენობასთან გაათენეს და ამ დრომდე რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან.

ქალაქის ცენტრში მიმდინარე აქციაზე გამოსვლები კი დღეს საღამოს 19:00 საათიდან განახლდება. ზაზა სარალიძემ უვადო შიმშილობა გამოაცხადა.

სარალიძემ მაჩალიკაშვილთან ერთად ხელისუფლებას გადადგომისა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მუშაობის დასაწყებად 24 საათიანი ვადა მისცა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის თქმით, რადიკალურ გადაწყვეტილებამდე ის ხელისუფლების ნაბიჯებმა მიიყვანა, რადგან მისი შვილის მკვლელი დასჯილი ამ დრომდე არ არის.

რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ პანკისიდან ჩასული ქისტებიც.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ საპროტესტო აქციები მაისის ბოლოს დაიწყო მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის ვერსია და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი უშუალოდ ამ ნაწილში უდანაშაულოდ ცნო.

სარალიძის ორგანიზებულ აქციას შეუერთდა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც უარყოფს, რომ მის ვაჟს, თემირლან მაჩალიკაშვილს კავშირი ჰქონდა 2017 წლის ნოემბერში, თბილისში განეიტრალებულ ახმედ ჩატაევის ჯგუფთან და შვილის მკვლელობაში ადანაშაულებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს. მაისში დაწყებული საპროტესტო აქციები ივლისში შეწყდა.

ზაფხულის განმავლობაში იმუშავა პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ. მასში უმრავლესობით მყოფი „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა გასულ კვირაში გამოაქვეყნეს დასკვნა და რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, დავით სარალიძის მკვლელობაში უშუალო მონაწილეობისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს მოწმის სტატუსის მქონე მ.კ-ს წინააღმდეგ, პასუხი უნდა მოეთხოვით საქმის გამომძიებლებს და უნდა დადგეს შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც.

დასკვნას მხარი არ დაუჭირეს „ქართული ოცნების“ წევრებმა, რომლებიც გამოძიების პროცესში ხარვეზებს აღიარებენ, თუმცა, მიიჩნევენ, რომ სამოხელეო დანაშაულის ნიშნები არ ჩანს და შესაბამისად, არ დგას კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი დევნის აუცილებლობის საკითხი.

მსგავსი პოსტები

Back to top button