14 მარტს ევროპარლამენტში სააკაშვილის საკითხზე იმსჯელებენ

14 მარტს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საკითხზე იმსჯელებენ.
მოსმენა პოლიტპატიმრების შესახებ ადგილობრივი დროით 16:30-17:00 არის ჩანიშნული.
კერძოდ საუბარი შეეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რუს ოპოზიციონერს ვლადიმირ კარა-მურზას და მოსკოვის კრასნოსელსკის მუნიციპალური ოლქის დეპუტატს, ალექსეი გორინოვს.
ცნობისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედშია“ – ოჯახი და ადვოკატები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა, გაუმჯობესების ნაცვლად, სულ უფრო მძიმდება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეთავისუფლებინათ ან გადაევადებინათ სასჯელი და საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა.