ფეხბურთის ფედერაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საფეხბურთო კლუბებში თამაშების გაყიდვის ფაქტზე 8 პირის დაკავებას ეხმაურება. ოფიციალური განცხადება სფფ-ის პრესსამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული სპეციალური ბრიფინგის შემდეგ გაავრცელა.

“საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სრულად მხარს უჭერს და მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჩაწყობილი – გარიგებული მატჩების ორგანიზატორთა და ამ პროცესში ჩართულ პირთა გამოსავლენად.

სამწუხაროდ წარსული გამოცდილება, სახელმწიფო სტრუქტურებისა და სფფ-ის შეუვალი პოზიცია ასეთი ფაქტების მიმართ არ იქცა საგულისხმო მაგალითად ზოგიერთი ფეხბურთელის, მწვრთნელისა თუ ფეხბურთში დაკავებული სხვა პირისათვის. მათ, მიუხედავად ბოლო წლებში გადადგმული მკაცრი სადამსჯელო ნაბიჯებისა, დაჭერებისა თუ საფეხბურთო ოჯახიდან მოკვეთის არა ერთი მაგალითის მიუხედავად მაინც ვერ გაითავისეს ის რისკები და საშიშროება, რაც ჩაწყობილი თამაშების ორგანიზებასა თუ თანამონაწილეობას მოსდევს თან.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები, მწვრთნელები, მსაჯები თუ კლუბებში დასაქმებული სხვა პირები სრულფასოვნად გაიაზრებენ იმ ზიანის მასშტაბებს, რაც თითოეული ასეთი შემთხვევის გამოვლენისას ქართულ ფეხბურთს ადგება და ერთხელ და სამუდამოდ უარს იტყვიან მსგავს გარიგებებში მონაწილეობაზე. მანამდე, კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გააგრძელებს ამ მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობას და მხარს დაუჭერს ასეთ ფაქტებში მონაწილე ყველა პირის გამოვლენასა და კანონის შესაბამისად დასჯის ფაქტებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button