ფერმერს, რომელიც კიტრის მოსავალს ვერ ყიდის, საშვი სახლში მიუტანეს

ფერმერს, რომელიც ქვეყანაში დაწესებული აკრძალვების გამო კიტრის მოსავალს ვერ ყიდის, დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სახლში მიაკითხეს და საშვი მიუტანეს. ამის შესახებ რადიო ჰერეთს თავად ფერმერმა, მახმად ისმაილოვმა აცნობა. მას საშვი საშულებას მისცემს ტრანსპორტით გადაადგილდეს და კიტრის მოსავალი გაყიდოს.
ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ კაბალში მცხოვრები მახმად ისმაილოვის შესახებ მასალა რადიო ჰერეთმა 22 აპრილს მოამზადა.
ფერმერს საკარმიდამო ნაკვეთში 6 სათბური აქვს, სადაც საადრეო კიტრი მოიყვანა, თუმცა ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვის და იმის გამო რომ საშვი არ ჰქონდა, მოსავალს ვერ ყიდიდა.
ისმაილოვი ყვებოდა, რომ საშვის მისაღებად სოფლის ადმინისტრაციულ წამომადგენლობას დაუკავშირდა, მაგრამ უთხრეს, რომ ვერ დაეხმარებოდნენ.
ლაგოდეხი საადრეო ბოსტნეულის მწარმოებელი მუნიციპალიტეტია. ფერმერები, რომელთა შემოსავლის წყაროც საკუთარი ხელით მოყვანილი პროდუქტის რეალიზაცია იყო, ახლა ზარალს ითვლიან. საგანგებო მდგომარეობის, ე.წ. კომენდანტის საათის, ქალაქების ჩაკეტვის, აგრარული ბაზრების დახურვისა და გადაადგილების შეზღუდვის გამო სათბურებში მოყვანილი მალფუჭებადი საადრეო მოსავალი მომხმარებლამდე დროულად ვერ მიდის.