ანალიტიკაბიზნესრევიუეკონომიკასიახლეები

საქართველო ესპანელ წამყვან კინო მწარმოებლებს მასპინძლობს

საქართველოში კინოწარმოების პერსპექტივები და შესაძლებლობები, ესპანელმა კინო მწარმოებლებმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად კონფერენციის ფარგლებში განიხილეს, რომელიც ასოციაციაში გაიმართა.

კონფერენციაზე ესპანელმა სტუმრებმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, „აწარმოე საქართველოში“ და აშშ განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებისგან საქართველოში არსებული შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს შორის არიან ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, როგორიცაა: KINOSKOPIK, PUBLIVPS SERVICE PLAN and PAV, DIAGRAMA PRODUCCIONES, DO POSTPRODUCCION, Salto de Eje Pc and AMA, Almarae Viajes. ესპანურ დელეგაციას აუდიოვიზუალურ ინდუსტრიაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ორგანიზაცია EGEDA ხელმძღვანელობს, რომელიც ამავდროულად გახლავთ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაცია.

„მოხარულნი ვართ, რომ ესპანელი კინო მწარმოებლები საქართველოს კინოინდუსტრიით დაინტერესდნენ და ქართველ პარტნიორებთან ერთად, რომლებიც არიან ჩვენი ასოციაციის წევრები განიხილავენ კინოწარმოების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა შედგება და პროდუქტიული იქნება, როგორც ქართული და ესპანური მხარისთვის, ასევე ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის“ – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

ესპანელი პროდიუსერები საქართველოში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან და მათ სფეროში არსებულ შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნობიან. დაგეგმილია ვიზიტები და შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციასთან.

აღსანიშნავია, რომ ესპანური დელეგაციის ვიზიტი დაიგეგმა ევროკავშირის „EU4Business: Connecting Companies“ პროექტის ფარგლებში. პროექტში საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მონაწილეობას ზემოაღნიშნულ ორგანიზაცია „ეხედასთან“ თანამშრომლობით იღებს. „ეხედა“ წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მართვის ორგანიზაციას, რომელიც აუდიოვიზუალური მწარმოებლების ინტერესებს იცავს ესპანეთში. აღნიშნული პროექტის მიზანია ევროკავშირის წევრ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის კერძო სექტორის პარტნიორობის გაღრმავება.

მსგავსი პოსტები

Back to top button