ფინეთის მთავრობამ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი ნატოში ქვეყნის შესვლის შესახებ
ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფინეთის მთავრობამ პარლამენტს NATO-ში გაწევრიანების შესახებ წინადადება წარუდგინა.
„ამჟამად ნატოს წევრი 30 ქვეყნიდან 28-მ მოახდინა ფინეთის გაწევრიანების რატიფიკაცია. თურქეთისა და უნგრეთის მიერ რატიფიკაცია ჯერ არ დასრულებულა. კანონით, პარლამენტს შეუძლია მთავრობის წინადადება განიხილოს მანამდე, სანამ ნატოს წევრი ქვეყნები მოახდენენ ფინეთის გაწევრიანების ოქმის რატიფიკაციას“, – ნათქვამია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობაში, რომელიც სამინისტროს ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰაავისტო ამბობს, რომ პარლამენტის მიერ გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მიღებული უმრავლესობით, რადგან მისი თქმით, საუბარი არ არის მნიშვნელოვანი უფლებამოსილებების საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემაზე.
“5 დეკემბერს, ფინეთის მთავრობამ პარლამენტს NATO-ში გაწევრიანების შესახებ წინადადება წარუდგინა. წინადადების პროექტზე კონსულტაციებმა 1600-მდე პასუხი მიიღო. მთავრობამ განიხილა წინადადება პასუხებზე დაყრდნობით და დასაბუთება შეავსო მთავრობისა და რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამშრომლობის, NATO-ს საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის როლის შესახებ განმარტებებით”, – ნათქვამია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მაისში ფინეთმა და მისმა მეზობელმა შვედეთმა ნატოში გაწევრიანების განაცხადები შეიტანეს როგორც პასუხი უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე. მაშინ ფინეთის 200 დეპუტატიდან 188-მ მხარი დაუჭირა განაცხადს, რვა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა. განაცხადის დასამტკიცებლად პარლამენტში ხმათა უბრალო უმრავლესობაა საჭირო.
29 ივნისს ნატოს ქვეყნებმა ოფიციალურად მიიწვიეს ალიანსში ფინეთი და შვედეთი, რომლებმაც, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე და გადაწყვიტეს უსაფრთხოების მიზნით ნატოში გაწევრიანება. 5 ივლისს ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსში გაწევრიანების შესახებ ოქმებს მოაწერეს ხელი.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მაისში ფინეთმა შვედეთთან ერთად NATO-ს გაწევრიანების მოთხოვნით მიმართა. პროცესი მოითხოვს ალიანსის 30-ვე წევრის რატიფიცირებას. უნგრეთი და თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს.