მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ფინეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონებს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესახებ

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ ხელი მოაწერა ნატო-ში გაწევრიანების კანონს. ხელმოწერის ცერემონია ჰელსინკიში, სამთავრობო სასახლეში გაიმართა. ფინეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება ქვეყნის პარლამენტმა პირველ მარტს მოახდინა.
დოკუმენტს მხარი 184-მა დეპუტატმა დაუჭირა, შვიდი კი წინააღმდეგი იყო. სხდომაზე პარლამენტის კიდევ შვიდი წარმომადგენელი არ იმყოფებოდა, ერთმა თავი შეიკავა.

როგორც საული ნიინისტომ განაცხადა, მას სურს, რომ ფინეთი მზად იყოს ალიანსში გასაწევრიანებლად, როგორც კი მისი განაცხადის რატიფიცირებას თურქეთი და უნგრეთი განახორციელებენ. ეს ნატო-ს ორი უკანასკნელი წევრი ქვეყანაა, რომლებსაც ალიანსში ფინეთისა და შვედეთის განაცხადები რატიფიცირებული არ აქვთ.

გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარა დაიწყებს ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირების პროცესს. როგორც მოსალოდნელია, შესაბამის დოკუმენტს უნგრეთის პარლამენტი ორშაბათს უყრის კენჭს.

2022 წლის 29 ივნისს ნატოს ქვეყნებმა გადაწყვიტეს, ოფიციალურად მიეწვიათ ალიანსში ფინეთი და შვედეთი, რომლებმაც რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე და უსაფრთხოების მიზნით ნატოში გაწევრიანება გადაწყვიტეს. ნატოში ორი ახალი წევრის მიღების შესახებ შეთანხმება დასავლეთის თავდაცვის ალიანსის 30-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს. შესაბამისი გადაწყვეტილება 28-მა ქვეყანამ უკვე მიიღო.

ნატოს წევრი ქვეყნის, უნგრეთის პარლამენტმა ეს საკითხი 6 მარტს უნდა განიხილოს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ საპარლამენტო ჯგუფებს შორის დამატებითი მოლაპარაკებებია საჭირო მანამდე, სანამ ისინი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაციას მოახდენენ.

თურქეთი დადებითად უყურებს ფინეთის განაცხადს ნატოში გასაწევრიანებლად, მაგრამ მხარს არ უჭერს შვედეთის კანდიდატურას, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 1 თებერვალს.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ ადრე არ გამორიცხა, რომ შესაძლებელია შეიქმნას სიტუაცია, როდესაც შვედეთსა და ფინეთს მოუწევთ ნატოში გაწევრიანება არა ერთად, არამედ – ცალ-ცალკე.

მსგავსი პოსტები

Back to top button