უკრაინის გენშტაბი: მოგერიებულია შეტევა დონეცკის ოლქის 9 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 8 სარაკეტო და 35 საავიაციო დარტყმა და 120-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად, ინფრასტრუქტურა დაზიანებულია დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქების 50-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში. უკრაინის არმიის სარდლობის თანახმად, მოწინააღმდეგის ერთ-ერთი სამიზნე იყო დონეცკის ოლქში მდებარე სლავიანსკის თბოელექტროსადგური.
გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქვედანაყოფების შეტევები წარმატებით მოიგერიეს დონეცკის ოლქის 9 დასახლებულ პუნქტთან.
უკრაინის არმიის სარდლობის ცნობითვე, საჰაერო ძალებმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და ტექნიკის თავმოყრის ადგილები დაბომბეს 19 რაიონში, ხოლო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს რუსული საბრძოლო თვითმფრინავი სუ-25 და 4 უპილოტო საფრენი აპარატი. გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ძალებმა იერიში მიიტანეს მოწინააღმდეგის 40 ობიექტზე, მათ შორის, არტილერიის თავმოყრის 13 რაიონში და საბრძოლო მასალების 7 საწყობზე, თუმცა, დანაკარგები ჯერ დაზუსტებული არ არის.
გენერალური შტაბის თანახმად, დადასტურებულია, რომ თავდაცვის ძალების მიერ 19 სექტემბერს განხორციელებული დარტყმების შედეგად, ზაპოროჟიეს ოლქის მელიტოპოლის, კამენკის და პოლოგოვსკის რაიონებში განადგურებულია 50-ზე მეტი რუსი სამხედრო, საბრძოლო მასალების საწყობი და 15 ერთეული ტექნიკა, ხოლო ლუგანსკის ოლქის ქალაქ სვატოვოში – საოკუპაციო ძალების კომენდატურა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის ძალისხმევა ისევ მიმართულია დონეცკის ოლქის სრული ოკუპაციის, თავდაცვის ორგანიზებისა და დაპყრობილი ტერიტორიების შენარჩუნებისკენ და სხვადასხვა მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალების აქტიური მოქმედებების ჩაშლისკენ.