ფოთის ბაზარში ფულს ანტისეპტიკურ ხსნარში ამუშავებენ
ფოთის აგრარულ ბაზარში, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, დღეს ყველა მომხმარებელს ბაზრის შესასვლელში ფულს ართმევდნენ და ანტისეპტიკური ხსნარით უმუშავებდნენ. ყველა მოქალაქეს უტარდება თერმოსკრინინგი და ურიგდება ხელთათმანები.
“ფოთის აგრარული ბაზრის შენობა კაპიტალურია, მასში შესვლა და გამოსვლა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი კარით ხდება. შესვლისას მოქალაქეები იცავენ სოციალურ დისტანციას. პროდუქტის შეძენისას, რეალიზატორები მოქალაქეებს უბრუნებენ ფულს, რომელიც დამუშავებულია სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით.
მივმართავთ იმ ადამიანებს, რომლებიც სხედან გარე ტერიტორიაზე და ეწევიან გარე ვაჭრობას. შემოვიდნენ ბაზრის ტერიტორიაზე, აქ უსაფრთხოების ყველა ზომაა დაცული. ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა, ჩვენ მათ შევუწყობთ ხელს და ამისათვის ქირას არ გადავახდევინებთ,”- განაცხადა ბაზრის დირექტორმა, ნოდარ კორსანტიამ.