მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ფოტოშოპებით ცნობილი ლაგოდეხის მერის წარდგენა მედიისთვის დახურულია

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” დღეს ლაგოდეხის მერობის კანდიდატს წარადგენს.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, პარტიის კანდიდატი, მოქმედი მერი, ჯონდო მდივნიშვილი იქნება.

მერობის კანდიდატს ” ქართული ოცნების” წევრების მცირე ჯგუფს, ახმეტა- თელავი-ყვარელი ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი წარუდგენს.

წარდგენა მედიისათვის დახურულია. რადიო ჰერეთის ინფორმაციით, მედიის დასწრების გარეშე წარადგენენ დღეს, თელავის მერობის კანდიდატს, ირაკლი ანდრიაშვილსაც, რომელიც სხვადასხვა დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროში, რამდენიმე პოზიციაზე მუშაობდა.

დღესვე, პარტიულ შეხვედრაზე, ” ქართული ოცნება” ახმეტის მერობის კანდიდატზე ჩამოყალიბდება. ახმეტაში პარტია, სავარაუდოდ, ბიზნესმენ ალექსანდრე ფიცხელაურს წარადგენს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ჯონდო მდივნიშვილი ლაგოდეხში მერის პოზიციას 2017 წლიდან იკავებს.

ოპოზიციამ მდივნიშვილი თანხების არაეფექტურ ხარჯვაში არაერთხელ დაადანაშაულა.

მნიშვნელოვანი დარღვევები მოგვიანებით აუდიტის სამსახურმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მართლაც აღმოაჩინა. პროექტები, რომლებზეც დიდი ოდენობით თანხები დაიხარჯა, კვლავ სარემონტო იყო. მიზეზად შესრულებული სამუშაოების დაბალი ხარისხი დასახელდა.

ლაგოდეხის მერი ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ლაგოდეხში დამონტაჟებულ საბავშვო გასართობ კომპლექსზე, რუსულთან ერთად, ქართული და ლათინური ანბანიც გამოჩნდა. ადგილობრივთა ერთმა ნაწილმა მერიის მიერ 87 ათას ლარად ნაყიდ ატრაქციონზე მხოლოდ რუსული ანბანი პროპაგანდად შეაფასა.

ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი იმ პერიოდში რადიო ჰერეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ ატრაქციონზე რუსული ანბანის განთავსება მას ისეთი მნიშვნელობის პრობლემად არ მიაჩნდა, როგორადაც ეს საზოგადოების ნაწილმა აღიქვა.

ჯონდო მდივნიშვილის მიმართ პრეტენზიები გაჩნდა მუნიციპალიტეტის მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდის პერიოდშიც. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ევა ლომთაძე მერისგან, კოვიდ-სტატისტიკის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას და პრევენციული ღონისძებების გეგმას ითხოვდა. იმ პერიოდში ევა ლომთაძის მოთხოვნას ლაგოდეხის მერი არ გამოხმაურებია.

განსაკუთრებული ხმაური კი მერის ფოტოშოპმა გამოიწვია, რამაც არამარტო ადგილობრივი, ცენტრალური მედიის ყურადღებაც მიიქცია.

3 თებერვალს, ფეისბუკში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ჯონდო მდივნიშვილის გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც ლაგოდეხის ერთ-ერთ ქუჩაზე ასფალტის დაგების პროცესში მერი ფოტოშოპით იყო ჩასმული. აღნიშნული ფაქტი მერიის პრესსამსახურმა ტექნიკურ ხარვეზად შეაფასა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button