მნიშვნელოვანისიახლეები

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე ოპოზიციონერ კოლეგებს შეხვდა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე ოპოზიციონერ კოლეგებს ლევან იოსელიანსა და იაგო ხვიჩიას შეხვდა.

საგამოძიებო კომისიაზე “გირჩთან” მოლაპარაკებებით კმაყოფილი ვარ, ლევან იოსელიანთან ვერ შევთანხმდით, მაგრამ გავაგრძელებთ საუბარს,- ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ “მოქალაქეების” დეპუტატ ლევან იოსელიანთან და “გირჩის” წარმომადგენელ იაგო ხვიჩიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩი” წინააღმდეგი არ არის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას მხარი დაუჭიროს, ამასთან, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მომავალში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ან კანონპროექტთან დაკავშირებით ისინი “გირჩის” იდეებს განიხილავენ.

იმ რეალობის ფონზე, როდესაც საგამოძიებო კომისიის შექმნაზე “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივას თავად ირაკლი კობახიძე უჭერს მხარს, აღნიშნული საკითხი ოპოზიციის მხარდაჭერას თავისთავად მოიპოვებს, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის “გირჩის” წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ განუცადა.

ამასთან, დღეს იაგო ხვიჩიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ “გირჩი” სააკაშვილის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას იმ პირობით დაუჭერს მხარს, თუკი “ნაციონალური მოძრაობისგან” პირობას მიიღებენ, რომ თავადაც დაუჭერენ მხარს “გირჩის” მიერ ინიცირებულ საგამოძიებო კომისიას, თუკი მომავალში პარლამენტის დღის წესრიგში ასეთი საკითხი დადგება. ხვიჩია ხაზს უსვამს, რომ მათ სააკაშვილის თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნა არ აინტერესებთ, მაგრამ კოლეგებთან ნორმალური ურთიერთობა სურთ.

“ახლა ჩვენ არანაირი საგამოძიებო კომისიის შექმნას არ ვაპირებთ, მაგრამ ცხოვრება ისეთია, რომ აუცილებლად დაგვჭირდება. ამიტომ გვინდა, რომ ერთ საგამოძიებო კომისიაზე, რომლის შექმნაც ჩვენ გვენდომება, მათაც მხარი დაგვიჭირონ”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას იაგო ხვიჩიამ.

პარტია ,,მოქალაქეები” მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილის წამების ფაქტების შემსწავლელი კომისიის შექმნას, თუ ამის პარალელურად პარლამენტი ,,ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ დანაშაულებსაც გამოავლენს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა, დღეს პარლამენტში განაცხადა.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის, ინფორმაციით, კომისიის შესაქმნელად ,,ნაცმოძრაობას” ხმების საჭირო რაოდენობა არ გააჩნია და ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ მათ მხარს ,,ქართული ოცნება” დაუჭერს.

ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას, როგორც ვხვდები, შექმნა არ უწერია, რადგან გახარიას პარტიამ უარი თქვა, სხვა პარტიებმაც თავი შეიკავეს, საკმარისი ხმები არ გროვდება, მართლა ,,ქართული ოცნება” თუ დაუჭერს მხარს, მაშინ შეიქმნება.

თუ დავუჭერთ მხარს ამ კომისიის შექმნას, მაშინ პარალელურად დავუჭერთ მხარს იმ კომისიის შექმნასაც, რომელიც ,,ნაცმოძრაობის” მმართველობის პერიოდში ჩადენილი წამების ფაქტებზეც დაადგენს ჭეშმარიტებას – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისათვის, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე იაგო ხვიჩიას და ლევან იოსელიანს მიხეილ სააკაშვილის მიმართ „არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით“ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით შეხვდა.

აქვე გეტყვით რომ მესამე პრეზიდენტი ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ მოინახულა და მცირე განცხადებაც გაააკეთა

ჩემი რჩევაა, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდეს, რადგან დასუსტებული ჯანმრთელობით ციხეში მყოფი სააკაშვილი მის პოლიტიკურ ოპონენტებს სურთ, მათ შორის ბატონ ივანიშვილს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მშვენიერაძის თქმით, მან ურჩია სააკაშვილს, რომ შიმშილობა არ დაიწყოს.

„სწორედ ამიტომ, ვერ ჩავთვლი სწორ ნაბიჯებად ამ ეტაპზე მის მიერ შიმშილობის გამოცხადებას, რაც მას ვუთხარი კიდეც. იმედია, ამ რჩევას ის აუცილებლად გაითვალისწინებს, ვინაიდან ამით მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იხეირებს.

მე პრეზიდენტ სააკაშვილის ნაცვლად ვერ აღვწერ მის მდგომარეობას. ის ამბობს, რომ მას სჭირდება სამედიცინო დახმარება, რომელიც უკავშირდება ნევროლოგიურ საკითხებს. როგორც ვიცი, მასთან კონსულტაციაზე იმყოფებოდა ექიმი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულების კონტრაქტორია. მისივე განცხადების, სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა, რომ მას სჭირდება კვალიფიციური სამედიცინო დახმარება”, – განაცხადა მშვენიერაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button