ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა საბავშვო ბაღებში
სახალხო დამცველმა მცირე საოჯახო ტიპის სახლების მონიტორინგის შედეგები გაასაჯაროვა. ამ კვლევით ირკვევა, რომ შემოწმებულ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა 70%-ის მიმართ ხორციელდება ფსიქოლოგიური ძალადობა, 40%-ის მიმართ კი – ფიზიკური
ომბუდსმენის განცხადებით, კვლავ მაღალია ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 2014 წელს 5 წლამდე ასაკის 635 ბავშვი გარდაიცვალა.
“შემაშფოთებელია ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა მდგომარეობა. მიუხედავად მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის სახელმწიფო ქვეპროგრამის არსებობისა, კვლავ საგანგაშო რჩება მათი, როგორც სოციალური ასევე ჯანდაცვის და განათლების კუთხით არსებული ვითარება. ხშირია ასევე ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პროსტიტუციაში ჩართვა”- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
როგორც სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ამ სფეროში გამოკვეთილი პრობლემები უკავშირდება აღმზრდელთა კვალიფიკაციას, მომსახურების ინკლუზიურობას, ბავშვისადმი ინდივიდუალური მიდგომისა და მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების, ბავშვის მიმართ ძალადობის და ბენეფიციართა ფსიქოლოგიური/ფსიქიატრიული მომსახურების საკითხებს.