მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინი და მინისტრები თურქეთში მოსალაპარაკებლად არ ჩავიდნენ მაგრამ მან დაამტკიცა მოლაპარაკებებისთვის დელეგაციის შემადგენლობა

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ცნობა „უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის რუსეთის ფედერაციის დელეგაციის შემადგენლობის“ დამტკიცებაზე. შესაბამის განკარგულებას ვლადიმირ პუტინმა ხელი უკვე მოაწერა.

კრემლის თანახმად, დელეგაციის შემადგენლობაში არათუ თავად პუტინი, არ შედის არცერთი მინისტრი და სამინისტროები მოადგილეების დონეზეა წარმოდგენილი.

დელეგაციის წევრთა სია ასეთია:

ვლადიმირ მედინსკი – რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე (დელეგაციის ხელმძღვანელი;
მიხაილ გალუზინი – რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
იგორ კოსტიუკოვი – რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი;
ალექსანდრ ფომინი – რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

დელეგაციის მეორე ნაწილს ეწოდება “ექსპერტთა შემადგენლობა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის”:

ალექსანდრ ზორინი – რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციის სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე;
ეკატერინა პოდობრეევსკაია – ჰუმანიტარულ სფეროში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სახელმწიფო პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ალექსეი პოლიშჩუკი – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეორე დეპარტამენტის დირექტორი;
ვლადიმირ შევცოვი – რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.

15 მაისს თურქეთში დაგეგმილ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში ვლადიმირ პუტინის მონაწილეობის საკითხი ამ დრომდე დაუზუსტებელი იყო. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 მაისს საღამოს, ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ დაელოდებოდა, ვინ ჩავიდოდა რუსეთიდან თურქეთში და შემდეგ მიიღებდა გადაწყვეტილებას, “რა ნაბიჯებს გადადგამდა უკრაინა”. უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების გამო თურქეთში ჩასვლას არ გამორიცხავდა ახლო აღმოსავლეთის ტურნეში მყოფი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

10 მაისს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერებმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად იმსჯელეს სამშვიდობო პროცესის დასაწყებად ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის გეგმაზე და ერთობლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდათ აშშ-ის პრეზიდენტთანაც. ამ მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საერთო პოზიციაა 12 მაისიდან ცეცხლის დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით, რუსეთისგან პასუხს ელოდებიან და უარის შემთხვევაში სანქციების გამკაცრება იგეგმება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უპასუხოდ დატოვა და განაცხადა, რომ მზად არიან 15 მაისს სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. თავის მხრივ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ 15 მაისს პუტინს თურქეთში “პირადად” დაელოდებოდა.

,,რა საბრალოა ზელენსკი იგი თურქეთში პუტინის პირადად ჩასვლას ითხოვდა,,-ლავროვი

სტამბოლის მოლაპარაკებაზე. კრემლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ პუტინი შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ პუტინის პრესსპიკერმა, პესკოვმა CNN-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მომლაპარაკებელი ჯგუფი კი, რომელსაც პუტინის თანაშემწე ხელმძღვანელობს, უკრაინულ მხარესთან შეხვედრას დღის მეორე ნახევარში გეგმავს.

თურქეთშია ზელენსკიც, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი ანკარაში ჩაფრინდა, მან თქვა, რომ მომდევნო ნაბიჯებს ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტს, მას შემდეგ, რაც გაირკვევა, რა მანდატი გააჩნიათ რუსეთის წარმომადგენლებს. მოლაპარაკება დოლმა ბაჰჩეს სასახლეშია დაგეგმილი.

ამერიკულ მხარეს სახელმწიფო მდივანი, ტრამპის მომლაპარაკებელი სტივ უიტკოფი და გენერალი კიტ კელოგი წარმოადგენენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსული მხარე მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

“რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მიზანს კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრა და ისტორიული პერსპექტივიდან გამომდინარე ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა წარმოადგენს. არაერთხელ ითქვა, რომ რუსული მხარე სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მზად არის”, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button