,,პირადად გაძლევთ პირობას, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ – იქცევა რეალობად,,-ივანიშვილი
თქვენს მხარდაჭერაში დარწმუნებული, პირადად გაძლევთ პირობას, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ – იქცევა რეალობად – ამის შესახებ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ოზურგეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ასევე, როგორც ბიძნა ივანიშვილმა აღნიშნა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის უპრეცედენტო მხარდაჭერით, “ქართულ ოცნებას“ ხელთ ჰქონდეს ყველა ბერკეტი საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისთვის:
“პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის უპრეცედენტო მხარდაჭერით, “ქართულ ოცნებას“ ხელთ ჰქონდეს ყველა ბერკეტი საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისა და გამართული დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილების ჩამოყალიბებისათვის. და თქვენს მხარდაჭერაში დარწმუნებული, პირადად გაძლევთ პირობას, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ – იქცევა რეალობად ქვეყნისა, ასე ძალიან რომ გვიყვარს, ქვეყნისა, რომელიც არის და იქნება დამოუკიდებელი, თავად განსაზღვრავს საკუთარი ხალხის ბედს და მისი აღმატებულება ქართველი ხალხის გარდა, არავის მისცემს უფლებას, უკარნახოს, რა არის საქართველოსთვის კარგი, რისი უნდა გვწამდეს და რა ღირებულებებით უნდა ვიცხოვროთ!
ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავჭრათ პრობლემა, რომელიც, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის სახით, უდიდეს საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რწმენისა და შვილების მომავალს. საქართველოში ვერავინ უნდა დააყენოს ეჭვქვეშ ქართველი დედის დედობა და ქართველი მამის მამობა. ვეღარავინ უნდა ბედავდეს ცხოვრების გაუკუღმართებული წესის პროპაგანდას, რაც დღეს უკონტროლოდ მოედინება რადიკალური ჯგუფების მიერ მართული მედიიდან. გასულმა წლებმა დაადასტურა, რომ მე და ჩემი გუნდი ვართ გარანტი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების, მაგრამ არ დავუშვებთ, რომ აგრესიულმა უმცირესობამ თუნდაც ვერბალურად იძალადოს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობაზე.
ისტორიულად, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა მთავარი საზრუნავი იყო გურულებისათვის. თქვენ დიდი ღვაწლი გაქვთ სხვადასხვა ეპოქაში საქართველოს გაერთიანებაში. ამ მხრივ, ახლაც განსაკუთრებული მომენტი გვიდგას – ჩვენ ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად. მმართველ გუნდს ამისათვის მაქსიმალური ლეგიტიმაცია სჭირდება. გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ მონიჭებული თითოეული მანდატი არის საქართველოს გაერთიანებისთვის მიცემული ერთი ხმა,”- განაცხადა ბ იძინა ივანიშვილმა.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ რეგიონულ ღონისძიებაზე, ოზურგეთში, მოსახლეობას მიმართა, მოქმედ ოპოზიციურ ძალებს „რადიკალური“ უწოდა და „მათთვის დავალების მიმცემებისგან მომდინარე საფრთხეებზე“ ისაუბრა.
ივანიშვილის განცხადებით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რომ საქართველო როგორმე სამხედრო კონფლიქტში ჩაითრიოს. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში განვითარება ფერხდება.
„ფაქტია, საქართველოში დღეს ჯერ კიდევ თავისუფლად საქმიანობენ რადიკალური ძალები, უფრო კონკრეტულად კი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც არათუ მშვიდობა არ სურს ჩვენს ქვეყანაში, არამედ ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რომ საქართველო, როგორმე, სამხედრო კონფლიქტში ჩაითრიოს.
კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეთა სამსახურში დგას და ეს უკვე არაერთხელ დამტკიცდა. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ეს ძალა და მისთვის დავალების მიმცემები საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ!
დარწმუნებული ვარ, კრიტიკული აზროვნებით გამორჩეული გურულები ამას თავადაც ხედავთ. დამეთანხმებით, რომ მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში ცხოვრება ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას აფერხებს.
ამიტომაც, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს რადიკალების მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში. და არათუ უნდა დასრულდეს, დღის წესრიგში უნდა დადგეს რეჟიმის გასამართლების საკითხი ყველაზე მძიმე დანაშაულისთვის, რაც მათ 2008 წლის აგვისტოში ჩაიდინეს და რამაც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა და საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი დაგვაკარგვინა. პირობას გაძლევთ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ აუცილებლად გავასამართლებთ კოლექტიურ ნაცმოძრაობას მოღალატეობრივი ქმედებების გამო! – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში სიტყვით გამოსვლისას.