“პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საქართველოდან არ ატვირთულა”

ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ ბრიფინგი გაიმართა მთავარ პროკურატურაში. პრესკონფერენცია მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ გამართა. მისი განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ატვირთვა საქართველოდან არ გამხორციელებულა.

როგორც მან აღნიშნა, საქმის სირთულიდან გამომდინარე პროკურატურამ დახმარებისთვის მიმართა აშშ-ის ფედერალურ ბიუროს. ამ თანამშრომლობის საფუძველზე კი საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება აშშ-ს ფედერალური ბიუროს წარმომადგენელი.

“საგამოძიებო ჯგუფის მიერ ჩატარებულია 200-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიება. საგამოძიებო ჯგუფის მიერ დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით, თბილისის მასშტაბით, 25 სხვადასხვა საცხოვრებელ მისამართზე ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა: სხვადასხვა ინფორმაციის შემცველი 166 ერთეული CD და DVD დისკი, 26 ერთეული კომპიუტერი, 37 მობილური ტელეფონი, 86 სიმბარათი, 53 მეხსიერების ბარათი, 5 გარე მეხსიერების მყარი დისკი; ჩატარდა ელექტრონული ინფორმაციის შემცველი 41 ობიექტის დათვალიერება, ხოლო ჩხრეკის შედეგად 59 ობიექტზე დანიშნულია კომპიუტერული ექსპერტიზა”, – განაცხადა მამუკა ვასაძემ.

მისი ცნობით, პროკურატურა თანამშრომლობს უცხო ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან და განაგრძობს ინტენსიურ გამოძიებას აღნიშნულ დანაშაულთან კავშირში მყოფი პირების გამოსავლენად.

„მსგავსი ტიპის კომპლექსური საქმეები, რომლებიც მოიცავენ კიბერ კომპონენტებს და ატარებენ ტრანსნაციონალურ ხასიათს, არის განსაკუთრებით რთული გამოსაძიებლად, მოითხოვს საერთაშორისო თანამშრომლობას სხვადასხვა დონეზე და საჭიროებს დიდ დროს, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების თვალსაზრისით,“ – განაცხადა საქართველოში აშშ-ის საელჩოს სამართლებრივმა ატაშემ ქეთრინ კენინგმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button