რეგიონი

პირი რომელმაც თელავის მთავარ ნაძვის ხეზე ხანძარი გააჩინა იდენტიფიცირებულია

პირი, რომელმაც თელავის მთავარ ნაძვის ხეზე ხანძარი გააჩინა, იდენტიფიცირებულია.

ამის შესახებ, რადიო ჰერეთს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა განუცხადა.

ლევან ანდრიაშვილი განმარტავს, რომ ხანძრით მიყენებული ზარალის დადგენის შემდეგ, მერია ზიანის ანაზღაურებასაც მოითხოვს.

დილის ცხრის ნახევრიდან მიმდინარეობს მუშაობა და ხანძრით გამოწვეული ზიანის დადგენა. ამის შემდეგ, ზუსტად გვეცოდინება, აღსადგენად რა თანხა დაგვჭირდება. ფული ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯება. ძალიან სამარცხვინო ფაქტია, რაც მოხდა. ეს ქალაქის ნაძვის ხეა, შეიძლება მოგწონდეს, ან არ მოგწონდეს, მაგრამ ზიანი რატომ უნდა მიაყენო? ეს ხომ ბავშვებს, ჩვენს მოქალაქეებს აკლდებათ. ამ ყველაფრის მოსაწყობად ცალკე იხარჯება ადამიანური და ფინანსური რესურსი. პირი, რომელმაც ფოიერვერკი ისროლა, იდენტიფიცირებულია და მერია ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს მას შემდეგ, რაც ზუსტი ოდენობა გვეცოდინება– განაცხადა ანდრიაშვილმა.

ხანძარი თელავის მთავარ ნაძვის ხეს, 26 დეკემბერს ღამით გაუჩნდა.

ნაძვის ხის ნაწილის გარდა, ცეცხლმა ძვირადღირებულ ილუმინაციები და განათებაც დააზიანა.

საახალწლო ნაძვის ხე თელავში, 24 დეკემბერს საზეიმო ღონისძიებების თანხლებით აინთო.

ზეიმის მოსაწყობად და საახალწლო დეკორაციებისათვის, სულ 50 ათასი ლარი დაიხარჯა.

მსგავსი პოსტები

Back to top button